პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის" შექმნით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საზოგადოებას შექმნილი კრიზისიდან ყურადღება გადაატანინოს.
ჩერგოლეიშვილი პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებით, რეჟიმი პროტესტს ვერ ჩაახშობს.
"მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რესურსი, ეს ყველაფერი რეპრესიებით ჩაახშოს, მითუმეტეს, რომ არ ჰყავს პროტესტს ერთი თავი. რა ვიცი, დაიბაროს ჭიაბერაშვილი ან დაიბაროს ბოკერია.
გიგა ბოკერია მაგალითად არ აპირებს [საგამოძიებო კომისიაზე] მისვლად და ჩასვეს ერთი წლით ციხეში, პროტესტს რა დააკლდება ამით?! გიგა ბოკერიას პროტესტია? მის გამო დგანან?! ან ნათია მოგელაძის გამო დგანან? ჭიაბერაშვილის გამო დგანან? არა ხო?! გაცილებით მეტი ადამიანია ციხეში და ამის მიუხედავად ხალხი დგას ქუჩაში იმიტომ, რომ ამ ადამიანებს უნდათ რეჟიმის ცვლილება, კურსის ცვლილება. რეჟიმის ცვლილება არ ენდომებოდათ, რეჟიმს რომ არ გადაეხვია კურსისთვის, ეს აქციები არ იარსებებდა საერთოდ ივანიშვილს რომ საკუთარი ამომრჩეველი არ გადაეგდო.
ეს ძალა და ენერგია პროტესტს იმიტომ აქვს და ამდენი ხანი იმიტომ ძლებს, რომ რეალურად ივანიშვილმა საკუთარი ამომრჩევლებიც გადააგდო, გაცილებით მეტს შეეხო ცუდად, გაცილებით მეტს მიაყენა შეურაცხყოფა და გაცილებით მეტი ჩააგდო საგონებელში, ვიდრე ოპოზიციის ამომრჩეველია. სტატუს-კვოს ამომრჩეველია თვითონ დაბნეული და ეს იკითხება იმ კვლევაში, რაც გამოქვეყნდა". - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია ივანიშვილის ცირკია, რომელსაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომისიაზე მისვლით ლეგიტიმაცია არ უნდა მისცენ.
"ეს არის ივანიშვილის ცირკი, განკუთვნილია იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი კრიზისიდან გადაიტანონ ყურადღება, თითქოს ნაციონალური მოძრაობის შესახებაა ეს პროცესი, მივიდნენ ისევ იმ ივანიშვილის გამარჯვების კარტამდე, რაც არის პოლარიზაცია, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის არის დაპირისპირება და მაგ ხაფანგში შეჰყვეს ვინმე?
დაიჭირონ ვინც უნდათ, ერთ წლით შეუძლიათ დაჭერა, დაიჭირონ თუ მანდამდე მივლენ. ამით იმუქრებიან და ლაზარემ თუ გაძლო ერთი წელი ციხეში, ჩემი ქმარიც გაძლებს ერთი წელი, ამით პროტესტს არაფერი დააკლდება. კიდევ ერთხელ - ეს მათ ხელში იარაღი აღარ არის, მაშინ უნდა მოფრთხილებოდნენ სასჯელს - 50-ზე მეტი ადამიანი, როცა არის პოლიტიკურ პატიმრობაში და სრულიად უდანაშაულო ხალხი ციხეშია, საგამოძიებო კომისიაზე უნდა მივიდე, თორემ დამიჭერენო, ამას ვინ გამოიყენებს? რომელი სერიოზული ადამიანი.
[...]
ეს ყველაფერი, ეს დაპირისპირება, ის რომ ქართული ოცნების ამომრჩეველს ჩაფურთხების ეშინია, გამოწვეულია ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის მიერ და ახლა დგას, ბლეფობს. ამ ადამიანების ბედით, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლების, სტატუს-კვოს ამომრჩევლების ბედით პოკერში თამაშობს, ცუდი კარტი უჭირავს, დგას და ბლეფობს". - აღნიშნა მან.
ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.
დღეს, 17 თებერვალს, ივანიშვილის პარლამენტში 2003-2012 წლებში ენმ-ისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, პროკურატურისა და ცესკოს წარმომადგენლებს მოუსმინეს.





