ჩინეთი

ჩინეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაკავებულია - 9

ჩინეთში რესტორანში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც, სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა, 9 ადამიანი დააკავეს. 

სახელმწიფო მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის რესტორნის Fuyang Barbecue-ის მფლობელიცაა. 

სავარაუდოდ, აფეთქება, რომელიც 21 ივნისს, ადგილობრივი დროით შუადღის 4 საათზე მოხდა, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. 

აფეთქება სამდღიანი დღესასწაულის - Dragon Boat Festival-ის წინა დღეს მოხდა. იმ დროს, როდესაც ბევრი ოჯახი და მეგობარი სადღესასწაულო სადილზე იკრიბება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე სკოლის მოსწავლე და პენსიონერია. მათივე ცნობით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან დაშავებული 7 ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა დაშავებულთა მკურნალობის მაქსიმალური ძალისხმევისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა. 

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ დაშავებულები და რაც შეიძლება მალე დავადგინოთ უბედური შემთხვევის მიზეზი". - თქვა ძინფინგმა.

სახანძრო სამსახურის წინასწარი გამოძიების თანახმად, რესტორნის თანამშრომელმა აფეთქებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გაზის სუნი იგრძნო. შემდეგ თხევადი გაზის ავზზე გატეხილი სარქველი აღმოაჩინა და მისი გამოცვლის პროცესში იყო, როდესაც აფეთქება მოხდა. 

კომენტარები