საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
"[...]ამასთან, გარდა უარყოფითი ეპითეტებისა და შეურაცხყოფისა, ბოლო დღეებში, გაისმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს კობა ხუბუნაია ციხეში მუშაობდა ბადრაგად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯაროდ უდასტურებს პატივისცემას ყველა იმ ბადრაგს (ესკორტის ოფიცერს), პენიტენციური სისტემის კონტროლიორს, სამედიცინო პერსონალსა და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, რომლებიც, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამაგალითო სტანდარტით იცავენ პატიმრების უფლებებს ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ ქართულმა პენიტენცურმა სისტემამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შესაბამისად, დღეს უწოდო ვინმეს ბადრაგი, ჩვენს თვალში მხოლოდ კომპლიმენტია. ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა, 2012 წლის ოქტომბრამდე, ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე. ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული. ასევე ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს. რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის.
დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია. ბატონი კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს. სამინისტრო მადლიერია, რომ ის დათანხმდა, გარდამავალ პერიოდში, ტექნიკური და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ქართული კინოს ზოგიერთ გულშემატკივარს განვუმარტავთ, რომ ბატონი კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. ის სხვადასხვა დროს გახლდათ ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააგენტოს უფროსის მოადგილე ეკონომიკური მიმართულებით სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საქმის ცოდნითა და პატიოსნებით[...]" – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს კულტურის სამინისტროს სრულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.
ისინი ამბობენ, რომ დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს. "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი.
კინოცენტრში იყო მისული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა".
ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ.
რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.
14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.
თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს. ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.