დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო

მომზადდება "ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული პაკეტი" – მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, "რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით გასახორციელებელ ღონისძიებებზე".

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განიხილეს "დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებები, რეკომენდაციები  და ინიციატივები. იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებებით არსებულ ინიციატივებზე".

"ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს, რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას, “- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები