ჯო ბაიდენი

ბაიდენი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას რეალურს უწოდებს

Craig Hudson/Bloomberg/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რეალურია. 

17 ივნისს ბაიდენმა პუტინის განცხადებას, რომელიც ბელარუსში პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსებას ეხებოდა, "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა.

"დაახლოებით ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვშიშობდი მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვშიშობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია". - თქვა ბაიდენმა.

გასულ კვირას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მინსკმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება უკვე დაიწყო.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ დასძინა, რომ რუსეთისგან მიღებული ბირთვული იარაღიდან ზოგიერთი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები.

აქამდე კი ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთის მიმართ მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით კი, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტების მომზადება სწორედ ამ პერიოდში დასრულდება.


25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

კომენტარები