ჯო ბაიდენი

"ბაიდენი, საქართველოს ახალი სექსსიმბოლო" – რა იპოვეს ბაიდენის მეილებში სამხილების ნაცვლად

ჯო ბაიდენი საქართველოში, 2009 წელი
AP Photo/Shakh Aivazov

POLITICO-ს ცნობით, შეერთებული შტატების პალატის ზედამხედველობისა და პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს კომერს, რომელიც ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს, მიეცა შეუზღუდავი წვდომა პრეზიდენტის ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ მიმოწერაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტი იყო. ინფორმაცია POLITICO-ს ორმა წყარომ მიაწოდა.

POLITICO წერს, რომ კომერს ბაიდენის მეილებზე წვდომა მიეცა, რადგან მოეძებნა შესაძლო სამხილები, რაც დაადასტურებდა, რომ ის ვიცეპრეზიდენტობის დროს აშშ-ს პოლიტიკას უკრაინის მიმართ საკუთარი შვილის, ჰანტერის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ წარმართავდა. თუმცა, როგორც POLITICO წერს, ჯო ბაიდენის მიმოწერაში ვერანაირი სამხილი ვერ იპოვეს, რომ ის პირად სარგებელს იღებდა საკუთარი შვილის ბიზნესაქმიანობიდან.

ამის ნაცვლად ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ეროვნულ არქივში იყო დაცული, მოიცავდა ჩვეულებრივ, ოჯახური და ახლობლური სახის მიმოწერას. მაგალითად, როგორც POLITICO წერს, ზოგ მეილში საუბარი იყო ჯო ბაიდენის საუზმეზე, საკუთარ შვილიშვილებთან, ზოგი ეხებოდა თუ როგორ მოეწონათ უკრაინელებს მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის ძმა, ბო ბაიდენი. 

კიდევ ერთი წერილი ეხებოდა რამდენიმე ქართველი ქალის საუბრებს, თუ როგორ მოეწონათ ჯო ბაიდენი, როდესაც ის 2009 წელს საქართველოში იყო ჩამოსული. "აუცილებლად წასაკითხი იმეილი" – ბაიდენსა და მის შვილებს, ჰანტერსა და ბოს წერდა ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც მაშინ ვიცეპრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოევის მრჩეველი იყო. იმეილს სათაურად ეწერა: "ბაიდენი, როგორც საქართველოს ახალი სექსსიმბოლო"

როგორც POLITICO წერს, ეს წერილი ბლინკენმა ჯო ბაიდენსა და მის შვილებს 2009 წლის 24 ივლისს გადაუგზავნა. წერილი მოიცავდა თბილისში, საქართველოს პარლამენტში ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ქებას. მეილში ბლინკენი ჯო ბაიდენს წერდა საკუთარი ქართველი ქალი მეგობრების სიტყვებს, თუ "როგორი სექსუალური" იყო ბაიდენი. POLITICO-ს მიხედვით, ერთი ქალი ამბობდა, რომ ბაიდენი მის ცხოვრებაში "ახალი კაცი" იყო, მეორე კი აღნიშნავდა, რამდენად მოეწონა ვიცეპრეზიდენტი.

ეს წერილების პირველი ნაწილია, რომელიც კომერს რამდენჯერმე მოთხოვნის შემდეგ გადაეცა. რამდენიმე კვირის წინ ის ფიქრობდა, რომ ჯო ბაიდენის ელექტრონული ფოსტის გახსნის შემდეგ "საზიანო სამხილებს" იპოვიდნენ.

იმპიჩმენტის საქმე ეხება ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული ენერგოკომპანია ბურისმას შორის საქმიანობას. მოკვლევის მიზანია დაადგინონ, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი იყენებდა თუ არა საკუთარ გავლენას საკუთარი შვილის სასარგებლოდ. წარმომადგენელთა პალატაში ეს პროცესი 12 სექტემბერს დაიწყეს. თუ გამოძიების ფარგლებში ბრალდების დამადასტურებელ სამხილებს აღმოაჩენენ, შესაძლებელი იქნება ჯო ბაიდენის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის ჩატარება.

კომენტარები