რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელშიც ევაკუირებული მოქალაქეები ისხდნენ, დაიღუპა 3 მათგანი

თავდასხმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს ნავს, რომელსაც ევაკუირებული მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. მოქალაქეები ცდილობდნენ დაეტოვებინათ ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე, 23 კი დაშავდა.

თავდაპირველად ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი მოქალაქეებს გაუხსნენს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა გაავრცელა.

ამის შემდეგ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილემ, ოლექსანდრ პროკუდინმა გაავრცელა ცნობა სამი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქისა და 10 დაჭრილი პირის შესახებ. პროკუდინის თქმით, როდესაც რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნენს, 74 წლის კაცი ქალს გადაეფარა და ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის ორი სამართალდამცველი. უკრაინის პროკურატურის განცხადებით კი ტრავმირებულია 23 ადამიანი. ზუსტი მონაცემები კვლავ დგინდება.

ამასთან ერთად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

უკრაინის შსს-ს ცნობით, ჰესის დანგრევას მოყოლილ წყალდიდობას 6 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 ივნისისთვის ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულია 3 700 ადამიანი. ამას გარდა, ხერსონის 35 მაცხოვრებელი, მათ შორის 7 ბავშვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები