არასრულწლოვანი გოგოს გატაცება

"ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანს თავისუფლება აღუკვეთეს" – 3 პირს ბრალდება წარედგინა

მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 7 ივნისს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით ორი მეგობრის დახმარებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს. ბრალდებულები გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მოქმედებდნენ და თვლიდნენ, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, ვის გაჰყოლოდა ცოლად. სამივე პირს ბრალდება, მათ შორის, ერთ-ერთს დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - წერია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ისინი სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

კომენტარები