დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის თქმით კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ბრიტანული სადაზვერვო სამსახურები ზედმიწევნით იკვლევენ.
"თუმცა, ის, რაც შემიძლია ვთქვა, არის, რომ თუ ეს განზრახ გაკეთდა, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და რუსული აგრესიის ახალი ფორმის გამოვლენა.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და მორალურად გაუმართლებელია, ჩვენ ეს უკრაინის ომში აქამდეც ვიხილეთ, თუმცა, ჯერ ნაადრევია საბოლოო დასკვნების გაკეთება". - ამბობს სუნაკი.
6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს.
მანამდე უკრაინა და სამხედრო ანალიტიკური ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდა.
ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.
2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
სააგენტოს განმარტებით, დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია.
დეტალურად რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ:
კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან.