რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.

კითხვაზე, რა გზავნილი აქვს აშშ-ს უკრაინაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, ბაიდენმა უპასუხა:

"ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას". 

გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით ბაიდენის ადმინისტრაცია "დარწმუნებით ვერ იტყვის", თუ ვინ იყო პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში. 

"ჩვენ ვნახეთ ანგარიშები, სადაც წერია, რომ კაშხლის აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ნოვა კახოვკა გასულ წელს აიღეს და მას შემდეგ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ინფორმაციის შესაფასებლად". - ამბობს კირბი. 

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

ამასთან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება უკან დახევის გადასაფარად შესაძლოა გამოეყენებინა.

2022 წლის 6 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰესი უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

დეტალურად რა ვიცით კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ:

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვის. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საჭირო რესურსით უზრუნველყოფისთვისაც.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ორივე მხარე ამტკიცებს, რომ რისკები შემცირებულია და მდგომარეობა სტაბილურია. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც (IAEA) ადასტურებს, რომ ამ წუთისთვის ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე არ არსებობს. გაეროს ორგანიზაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ მონიტორინგს და მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდებიან. 

კომენტარები