იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, ხუთი თვის ვადით, საიმპორტო საფასური დაწესდება. გადაწყვეტილება ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია".- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. ამასთან ხელი შეეწყობა ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.





