ირანის ბირთვული პროგრამა

ირანი: 2000 კმ.-იანი მოქმედების რადიუსის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოვცადეთ

Iran's Ministry of Defence/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოტენციურად 2000 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოცადეს.

ირანი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი სარაკეტო პროგრამა აქვს, ამბობს, რომ რაკეტას მისი მთავარი მტრების, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში არსებულ ბაზებამდე მიღწევა შეუძლია.

აშშ-სა და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკა "თავდაცვითი" სარაკეტო პროგრამის გაგრძელებას აპირებს.

"ჩვენი გზავნილი ირანის მტრებისთვის არის ის, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანასა და მიღწევებს დავიცავთ. ჩვენი გზავნილი მეგობრებისთვის არის ის, რომ რეგიონში სტაბილურობას დავეხმარებით". - თქვა ირანის თავდაცვის მინისტრმა, მოჰამადრეზა აშტიანიმ.

ახალი ბალისტიკური რაკეტა წინამორბედ ხორამშარ 4-ის გაუმჯობესებული ვერსიაა და მას ისლამის ადრეულ პერიოდში მუსლიმების მიერ განადგურებული ებრაული ციხე-სიმაგრის სახელი, ხეიბარი ჰქვია.

გასულ კვირაში ისრაელის გენერალმა, თეირანის მიერ ბირთვული მიღწევების დაჩქარების ფონზე, განიხილა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ქმედებების წარმოების ალბათობა.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა. თეირანი უარყოფს ატომურ იარაღზე მუშაობას.

კომენტარები