ირანის ბირთვული პროგრამა

ნეთანიაჰუ: თუ ირანის წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ, პოტენციური ბირთვული ომის წინაშე დავდგებით

ბენიამინ ნეთანიაჰუ
www.today.com

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში დაფუძნებულ ირანულენოვან მედიას, Iran International-ს ინტერვიუ მისცა და ირანის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა.

ნეთანიაჰუს თქმით, ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე დაუფლება ისტორიას შეცვლის და ახლა მნიშვნელოვანია ირანელი ხალხის გათავისუფლება.

"ისინი მსოფლიოში ტერორის მთავარი წყარო არიან, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ჰქონდეთ უდიდესი ტერორის იარაღი, ბირთვული იარაღი, რომლითაც მთელი მსოფლიო მძევლად ეყოლებათ აყვანილი. ამიტომ, მე ვეუბნები დასავლელ ლიდერებს, მსოფლიოს ლიდერებს: ისტორია შეიცვლება, თუ ირანი ბირთვულ იარაღს იშოვის. ახლა მნიშვნელოვანია ირანელი ხალხის გათავისუფლება, როგორც თავის გამო, ასევე ჩვენის საერთო უსაფრთხოებისთვის. ამ რადიკალური ისლამისტური ტერორისტი რეჟიმისთვის, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ატერორებს ყველა სხვას, მასობრივი სიკვდილის იარაღის ქონას ვერ დავუშვებთ. ეს ისტორიას შეცვლის და იქამდე უნდა შევაჩეროთ, სანამ მოხდება". – თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ირანის წინააღმდეგ საჭიროა მძიმე სანქციები და საიმედო სამხედრო პასუხი ბირთვული იარაღის შემუშავების წინააღმდეგ.

"გვჭირდება ძალისხმევის გაერთიანება, რათა ვიმოქმედოთ ამ მკვლელი კლანის წინააღმდეგ, რომელმაც ირანელი ხალხი გაიტაცა. ამას სჭირდება საზიანო სანქციების, მაგალითად რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ, და მეორე - საიმედო სამხედრო პასუხი და სამხედრო საფრთხე ბირთვული იარაღის პოტენციური შემუშავების წინააღმდეგ". – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ირანი უნდა გააფრთხილონ, რომ ბირთვული ძალის "ზღურბლის გადაკვეთის" შემთხვევაში, ამას არ მოითმენენ.

"[ირანის ბირთვული პროგრამა] სახიფათოდ გრძელდება. მართალია, რომ ჩვენმა ქმედებებმა, სხვა რაღაცებთან ერთად, ისინი, სულ მცირე, ათწლეულით შეანელა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამან ისინი შეაჩერა. მათ ეგონათ, რომ 10 წლის წინ იქნებოდნენ იქ, სადაც დღეს არიან. მაგრამ ისინი განაგრძობენ და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ თუ გადააბიჯებენ ბირთვულ ძალად გახდომის ზღურბლს, არის ის, რასაც ვერ შევეგუებით". – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. 

ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა და საჭიროა მათი გაფრთხილება, რომ არსებობს ხაზები, რომლის გადაკვეთასაც არ შეარჩენენ.

"უნდა ვუთხრათ, რომ არსებობს ხაზი, რომელსაც ვერ გადაკვეთენ და თუ გადაკვეთენ, საზღაურის გადახდა მოუწევთ". – თქვა ისრაელის ლიდერმა.

ნეთანიაჰუ თვლის, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის დაუფლება ახლო აღმოსავლეთში გამოიწვევს სხვა რეჟიმების რეაქციას და ისინიც ამავე შეიარაღებაზე მუშაობას დაიწყებენ. მისი აზრით, ამან შესაძლოა მსოფლიო ბირთვულ ომამდე მიიყვანოს.

"თუ ირანი დაეუფლება ბირთვულ იარაღს, ეს იქნება პრობლემა, რომლის წინაშეც ყველა აღმოჩნდება და ეს მსოფლიოს შეცვლის. ეს ასევე გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული სადენების გადაკვეთას, რადგან სხვა რეჟიმები, ვისაც ბირთვული ირანის საფრთხის ესმით, სასწრაფოდ დაიწყებენ საკუთარი თავის შეიარაღებას. ამიტომ, ვინც ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედებით ომის წინაშე აღმოვჩნდებითო – ომის წინაშე და პოტენციურად საშინელი ბირთვული ომის წინაშე აღმოჩნდებით, თუ მოქმედებებს არ მივიღებთ". – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ამას გარდა, ისრაელის პრემიერმინისტრი გამოეხმაურა გაერო-ს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის ირანის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებულ სიტყვებსაც და აღნიშნა, რომ ისრაელი თავდაცვის უფლებას ინარჩუნებს.

"ვფიქრობ ბატონმა გროსიმ, რომელიც რეპუტაციული ადამიანია, აბსოლუტურად არასწორი და მიუღებელი რაღაც თქვა. მან თქვა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა არალეგიტიმურია. არაფერია იმაზე ლეგიტიმური, რომ ხელი შეუშალო რეჟიმს, რომელიც ხმამაღლა აკეთებს შენი განადგურების მოწოდებებს, იმ იარაღების ქონაში, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ეს აბსურდია. იმედი მაქვს, მის (გროსის) ნამდვილ აზრს არ ასახავს. მაგრამ, ასახავს თუ არა, ვინარჩუნებთ თავდაცვის უფლებას და ამით ბევრი სხვის დაცვას, მათ შორის ირანელი ხალხის". – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

გასულ კვირებში გავრცელდა ცნობა, რომ ირანმა ურანი 84%-მდე გაამდიდრა. ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭიროა 90%-მდე გამდიდრებული ურანი. აქამდე, ცნობილი იყო, რომ ირანს ურანი 60%-მდე ჰქონდა გამდიდრებული.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები