ირანის ბირთვული პროგრამა

აიათოლა ხამენეი: ბირთვული იარაღი რომ გვინდოდეს, დასავლეთი ვერ შეგვაჩერებდა

აიათოლა ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა რომ უნდოდეს, დასავლეთი მათ ვერ შეაჩერებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების დადებას "არაფერი უჭირს". 

"ბრალდებები, რომ თეირანს ბირთვული იარაღი სურს, ტყუილია და მათ ეს იციან. ჩვენ არ გვინდა ბირთვული შეიარაღება ჩვენი რელიგიური რწმენების გამო. სხვაგვარად რომ იყოს ისინი (დასავლეთი) ვერ შეგვაჩერებდნენ". – თქვა ხამენეიმ. 

ხამენეის თქმით, ბირთვულ სამუშაოებთან დაკავშირებით დასავლეთთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ბირთვული ინფრასტრუქტურა ხელშეუხებელი დარჩება.

ბირთვული შეთანხმების განახლებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, რომლებიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირად იმართებოდა, სექტემბერში ჩიხში შევიდა. მხარეები ერთმანეთს უაზრო მოთხოვნებში ადანაშაულებდნენ.

აქამდე, გასულ დღეებში გარვცელდა ცნობა, რომ აშშ და ირანი შუალედურ შეთანხმებას უახლოვდებოდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო. 

ხამენეის თქმით, ის დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების დადებას უარყოფითად არ უყურებს. 

"[დასავლეთთან] შეთანხმებას არაფერი უჭირს, თუმცა ჩვენი ბირთვული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურა ხელშეუხებელი უნდა დარჩეს". – თქვა ხამენეიმ ირანის სამთავრობო მედიის ცნობით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Reuters-თან უარი თქვა ხამენეის სიტყვებზე სპეციფიკური კომენტარი გაეკეთებინა. მან მხოლოდ გაიმეორა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ აშშ ირანს ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების შესაძლებლობას არასდროს მისცემს.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა. თეირანი უარყოფს ატომურ იარაღზე მუშაობას.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელი, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები