ნარკოდანაშაული

შსს: ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ჰეროინი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 ადამიანი [VIDEO]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს - დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ბ.ტ.  

"სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. 

ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ნარკოტიკის გადატანა ევროპაში ჰქონდა განზრახული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ნათელი მაგალითია გასულ თვეში ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიება ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ბელგიის სამეფოში, კერძოდ ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის 1 ტონა და 660 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი". - წერია განცხადებაში.

კომენტარები