რუსული ნავთობი

Spiegel: EU-ს სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის

ნავთობის ტანკერი რუსეთის პორტ ნახოდკას მახლობლად
Tatiana Meel / REUTERS

გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიხედვით, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აგრძელებს ევროკავშირში ირიბად შესვლას. ეს კი მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით ინდოეთის შუამავლობით ხდება.  

მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პორტებში ყოველდღიურად, სულ მცირე, 2, ხოლო ყოველთვიურად 70 ტანკერი შედის. 

Spiegel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები არა დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ მიემართებიან. ამ ქვეყნებს შორისაა, უპირველეს ყოვლისა, ინდოეთი, ასევე თურქეთი და საუდის არაბეთი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. მათ შორის ერთ-ერთი ქარხანა მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელია. ამ ქარხნებში კი რუსული ნავთობი გადამუშავდება, რის შემდეგაც ევროპაში შედის. 

მედიის ინფორმაციით, აპრილში ინდოეთმა ევროკავშირს იმაზე მეტი საწვავი მიაწოდა, ვიდრე აქამდე მიუწოდებია. ის ახლა საუდის არაბეთს უსწრებს ევროკავშირში შეტანილი საწვავის რაოდენობით.

Spiegel-ის ცნობით, ინდოეთში Vadinar-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თითქმის 50%-ს ფლობს რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ი. 

კომენტარები