წყალდიდობა იტალიაში

იტალიის პრემიერმინისტრი წყალდიდობის გამო G7-ის სამიტიდან ადრე ბრუნდება

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი იაპონიაში მიმდინარე G7-ის სამიტიდან იტალიაში წყალდიდობის გამო ბრუნდება. ამჟამინდელი მონაცემებით, იტალიაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა და 13 000 მოქალაქეს სახლის დატოვება მოუწია.

ბოლო 100 წელიწადში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა 48 საათიან წვიმას მოჰყვა, რის შედეგადაც ემილია-რომანაში 6 თვის ოდენობის ნალექი 2 დღეში მოვიდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინისტრთა საბჭო 23 მაისს შეხვდება იმ მიზნით, რომ გადაუდებელი ზომების მიღება განიხილონ. 

"მინდა მადლობა გადავუხადო G7-ის ლიდერებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ იტალიას და იტალიის იმ მოსახლეობას, რომლებიც დაზარალდნენ წყალდიდობის გამო. თქვენი სიახლოვე რთულ დროს ჩვენი ერთიანობის ნიშანია" - წერს ჯორჯია მელონი Twitter-ზე.

კომენტარები