ჯეიკ სალივანი

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის სახლში შეჭრაზე გამოძიება მიმდინარეობს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
Win McNamee/Getty Images

Politico ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახური 2023 წლის აპრილის შემდეგ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის სახლში შეჭრას იძიებს.

მაღალჩინოსნებმა გამოძიებასა და სახლში შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბარზე უარი თქვეს, ხოლო საიდუმლო სამსახურმა გამოცემასთან კომენტარზე უარი თქვა. 

The Washington Post-ის ცნობით, რომელმაც პირველმა გაავრცელა გამოძიების შესახებ, სალივანის სახლში, ვაშინგტონის უესტ-ენდის რაიონში, მამაკაცი ღამის 3 საათზე შეიჭრა.

სალივანმა თავდამსხმელი დაინახა, რომელიც, WP-ის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. გამოძიების მიხედვით, არ შეიმჩნევა იძულებით შეჭრის კვალი და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მამაკაცი სალივანს იცნობდა და სახლში მისთვის ზიანის მისაყენებლად შეიჭრა.

WP-ი წერს, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტები სალივანის სახლს გარედან იცავდნენ. თუმცა, თავდამსხმელმა შეუმჩნევლად შესვლა შეძლო და გაიქცა იქამდე, სანამ სალივანმა მათ უცხო პირის შეჭრა აცნობა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სალივანი არ დაშავებულა, ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და დავიწყეთ ყოვლისმომცველი გამოძიება, რათა სრულყოფილად შევაფასოთ მომხდარი. ჩვენი დაცვის პროტოკოლიდან ნებისმიერი გადახვევა მიუღებელია და აღმოჩენის შემთხვევაში, პერსონალი პასუხს აგებს". - აღნიშნავს საიდუმლო სამსახურის სპიკერი ენტონი გუგლიელი Washington Post-თან კომენტირებისას. 

კომენტარები