რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: სანქციების მიუხედავად, რუსული ავიაკომპანიები დასავლურ ტექნოლოგიას მაინც იღებენ

Sergey Ponomarev for The New York Times

New York Times-ი რუსეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს, სანქციების მიუხედავად, აშშ-ში წარმოებული მილიონობით დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილი რუსეთში გაიგზავნა

გასულ კვირას, აშშ-ში ორი ბიზნესმენი - ოლეგ ფაცულია და მისი პარტნიორი, დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევისა და ფულის საერთაშორისო გათეთრებაში. როგორც NYT წერს, ისინი იყვნენ მონაწილეები იმ სქემისა, რომელიც საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით რუსეთში სათადარიგო ნაწილების შეტანას ცდილობდა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, აშშ-მ სხვა 40 პარტნიორთან ერთად შეზღუდვები დაუწესა რუსეთს ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა იარაღი, კომპიუტერულ ჩიპები თუ თვითმფრინავის ნაწილები. სანქციები ასევე შეეხო რუსეთის ავიაკომპანიებს, მათ შორის Aeroflot-ს, მის შვილობილი კომპანია Rossiya-სა და სხვებს.

თუმცა, ამ ყოვლისმომცველი სანქციების მიუხედავად, გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს თვითმფრინავის ათასობით ნაწილი წარმატებით გაიგზავნა რუსეთში. მთლიანობაში, მონაცემების მიხედვით, რვა თვის განმავლობაში რუსეთში 14.4 მილიონი დოლარის ამერიკული თვითმფრინავის ნაწილები გაიგზავნა.

მონაცემების მიხედვით, პროდუქციის უმეტესი ნაწილი რუსეთისთვის მისაწოდებლად გადიოდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივები. მაგრამ რამდენიმე გადაზიდვა - მათ შორის Rossiya-ისთვის - პირდაპირ შეერთებული შტატებიდან ან ევროპიდან განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც აძლიერებენ ჯარიმებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არღვევენ სანქციებს. ამასთანავე, აგზავნიან ოფიციალურ პირებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, რათა დაარწმუნონ, რომ შეაჩერონ რუსეთში მათი ტერიტორიის გავლით პროდუქტების მიწოდება.

კომენტარები