NATO-იაპონია

იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AP Photo/Geert Vanden Wijngaert

10 მაისს, დიდი შვიდეულის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, CNN-თან ინტერვიუში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ თქვა, რომ იაპონიასა და NATO-ს შორის ალიანსის სამეკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჩვენ უკვე განხილვებს ვაწარმოებთ, მაგრამ საბოლოო დეტალებზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. განხილვის დაწყების მიზეზი ისაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიო უფრო არასტაბილური გახდა". - თქვა ჰაიაშიმ.

მინისტრმა დასძინა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენებს გავლენა წყნარი ოკეანის ქვეყნებზეც აქვთ და სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ აზიასა და NATO-ს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა გაიზარდა.

იაპონიაში, რომელიც არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნა ალიანსის თავდაცვით პარტნიორებთან - სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან დისკუსიებსაც შეუწყობს ხელს.

ოფისის გახსნის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ჩინეთს მკაცრი რეაქცია ექნება. ოფიციალურმა პეკინმა აზიაში NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ არაერთი გაფრთხილება გაავრცელა და ნებისმიერი მსგავსი მცდელობა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხედ შეაფასა.

კომენტარები