NATO-იაპონია

FT: საფრანგეთი იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის წინააღმდეგია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი
Bertrand Guay/AFP/Getty Images

Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს ნაბიჯი ჩინეთთან ურთიერთობას გააუარესებს.

ერთ-ერთი ფრანგი მაღალჩინოსნის თქმით, პარიზს სჯერა, რომ ალიანსის სამეკავშირეო ოფისების გეოგრაფიული განთავსება "ჩრდილო ატლანტიკით" უნდა იყოს ლიმიტირებული, თუმცა საფრანგეთში ასევე ფიქრობენ, რომ ოფისის გახსნის გადაწყვეტილება ევროპული ქვეყნების მოთხოვნას ჩინეთისადმი, რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს, საფუძველს გამოაცლის. საფრანგეთი თავს არიდებს რაიმეს მხარდაჭერას, რაც მათი აზრით "ნატო-ჩინეთის დაძაბულობას ხელს შეუწყობს".

გასულ კვირას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ალიანსი ჩრდილო ატლანტიკის მიღმა არ უნდა გაფართოვდეს. მანვე დასძინა, რომ "თუ NATO-ს სპექტრსა და გეოგრაფიას გავზრდით, დიდ შეცდომას დავუშვებთ".

მაკრონის წინააღმდეგობა ტოკიოში სამეკავშირეო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მოსდევს ორი თვის წინ მის ვიზიტს პეკინში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ-ჩინეთის დაძაბულობისგან ევროპის დისტანცირებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რამაც მოკავშირეები გაანაწყენა.

საკითხთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, იაპონიას ალიანსთან კავშირების გაძლიერების სურვილი აქვს. კომენტარი არც თეთრ სახლში გაუკეთებიათ.

საფრანგეთის წინააღმდეგობამ NATO-სა და ტოკიოს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ალიანსის პირველი სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ კიდევ უფრო გაართულა.

NATO-ს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში, ათზე მეტი სამეკავშირეო ოფისი აქვს გახსნილი. მათი უმრავლესობა მცირე ზომისაა და ძირითადად მასპინძელი ქვეყნების მთავრობებთან და სამხედრო ძალებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება.

ტოკიოში ოფისის გახსნასთან დაკავშირებული განხილვები აშშ-სა და იაპონიის მიერ ჩინეთის მხრიდან ტაივანზე მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე რეგიონში ჩართულობის გაზრდაში ევროპელი მოკავშირეების დარწმუნების მცდელობას უკავშირდება.

იაპონიაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნა ჯერ კიდევ 2007 წლიდან, მაშინდელი პრემიერმინისტრის, შინძო აბეს ალიანსის შტაბ-ბინაში ვიზიტის შემდეგ განიხილება. 2018 წელს ტოკიომ ბრიუსელში თავისი წარმომადგენლობის ოფისი გახსნა. პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა, რომელიც გასულ წელს გახდა პირველი იაპონელი ლიდერი ვინც NATO-ს სამიტს დაესწრო, 11-12 ივლისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში დაგეგმილ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები