რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევსა და ოდესაზე იერიშები დრონებითა და რაკეტებით კვლავ მიიტანა

8 მაისს ოდესაში რუსეთის იერიშის შედეგად გამოწვეული ხანძარი

8 მაისის დადგომიდან რამდენიმე საათში რუსეთმა კიევზე ირანული Shahed-ის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები კვლავ მიიტანა

შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, მანქანები და ინფრასტრუქტურა. 

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგიი პოპკოს თქმით, საჰაერო განგაში სამსაათ-ნახევარი გრძელდებოდა. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 30-ზე მეტი დრონი.

კიევის სოლომიანსკის რაიონში დაზიანდა რეზერვუარი, რომლიდანაც გაჟონა საწვავმა, თუმცა ის არ აალებულა. ასევე, სავარაუდოდ დრონის ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად ამავე უბანში დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტეს. ამის შედეგად გამოწვეული ხანძარი ჩამქრალია.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ კიევის მიმართულებით გაშვებული 35 Shahed-ის ტიპის დრონებიდან ყველა ჩამოაგდო. ხანძრები და ზარალი უპილოტო საფრენი აპარატების ნამტვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ამას გარდა, რუსეთმა Х-22-ის ტიპის რაკეტებით ოდესის ოლქზე იერიშები მიიტანა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა საკვების საწარმოსა და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეკრეაციულ ზონაში.

გასულ დღეებში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშები კვლავ აქტიური ტემპით გააგრძელა.

კომენტარები