საქართველოს მთავრობა

NGO-ები: სოც. ქსელებში ოცნების დაფინანსებული დისკრედიტაციული ოპერაციები გამოძიებას საჭიროებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც  სოციალურ ქსელებში საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დისკრედიტაციული საინფორმაციო ოპერაციები გამოძიებას საჭიროებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები META-ს მიერ საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიშის წაშლას ეხმაურებიან და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

Facebook-ის მფლობელი კომპანიის, META-ს, მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო კომპანიამ Facebook-ის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და ინსტაგრამის 2 ანგარიში წაშალა. წაშლილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები. 

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ საკუთარი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, META-ს გამოძიებამ „აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან".   

როგორც ანგარიშიდან დგინდება, აღნიშნული ქსელი ხშირად იყენებდა კომენტარების ფუნქციას, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში ავრცელებდა არაავთენტურ, ცრუ ინფორმაციას სასურველი განწყობის შესაქმნელად. ქსელი ასევე ცდილობდა პროსამთავრობო გზავნილების  პოპულარიზებას, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი კონტექსტში. META-ს ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პროსამთავრობო ქსელების პოსტების რეკლამირებაში დაახლოებით 33,500 აშშ დოლარი დაიხარჯა. 

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედი გვერდების სქემა, სხვადასხვა ორგანიზაციასა და მკვლევარს წარსულშიც გამოუვლენია. სამართლიანი არჩევნების მიერ 2021 წელს ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ მთავრობის სტრატკომთან ფარულად დაკავშირებული გვერდები პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ითავსებდნენ და, პარალელურად, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებდნენ. 

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დეკლარირებულ ძირითად ამოცანას მთავრობის გრძელვადიანი მიზნების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით უმთავრესია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ META-ს გამოძიების თანახმად, დეპარტამენტი, დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ,  საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის ფარულ ოპერაციებშია ჩართული. 

ვითვალისწინებთ რა ზიანის მასშტაბს, რასაც საქართველოში დეზინფორმაციული სქემები შეიძლება ქმნიდნენ, ჩვენ, კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ანგარიშში მითითებული დეზინფორმაციული სქემების შესასწავლად, მათ შორის, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია ან/და მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ევროპულ ქართული ინსტიტუტი - EGI
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი - GMC
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  • ღია სივრცე კავკასია - COS
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ფრანკლინის კლუბი 
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • IWPR საქართველო
  • აი, ფაქტი - Ifact

კომენტარები