მთავრობის პროპაგანდა და რეალობა

რა ფოტოებს ავრცელებს TV იმედი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის?

გუშინ, 2 მაისს ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე პოსტი გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროპარლამენტში გამოფენა, სახელწოდებით "სექსუალური გეი იესო" იყო დაგეგმილი.

ამისთვის ჟურნალისტი ჯეკ პეროკის ტვიტი არასრულად თარგმნეს და არ მიუთითეს, რომ ეს არათუ ღონისძიების სახელი, არამედ თავად ჟურნალისტის შეფასება იყო. სინამდვილეში, ევროპარლამენტი მასპინძლობს შვედი ფოტოგრაფის, ელიზაბეთ ოლსონის ბიბლიურ მოტივებზე შექმნილ სერიიდან - Ecce Homo-დან ნაშრომს

მეტიც, მოსაწვევი - გამოფენის შესახებ დეტალებით, იმავე ტვიტში იყო, რომელიც ტელეკომპანიამ საკუთარი მიზნებისთვის არასრულად თარგმნა. 

ამასთანავე, როგორც ჟურნალისტმა, ჯეკ პეროკმა ტაბულასთან აღნიშნა, ორი ნამუშევარი ამოღებული იქნა გამოფენიდან. ტელეკომპანიამ ეს ინფორმაციაც გამოტოვა. 

ბრიუსელში, პარლამენტის შენობაში ოლსონის შერჩეული ნამუშევარები მომავალი კვირის ბოლომდე რჩება. გამოფენის ინიციატორი შვედი ევროპარლამენტარი, მემარცხენე მალინ ბიორკია, რომელმაც პარლამენტში ლექციის წასაკითხად ოლსონიც მიიწვია

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტელეკომპანია იმედმა ფოტოგრაფის კიდევ ერთი ინსტალაცია გაავრცელა, თუმცა ეს უკანასკნელი შერჩეულ ნამუშევრებში არაა. 

მანამდე, Ecce homo-ს პარლამენტში გამოფენა 1999 წელს ევროპარლამენტარმა მარიან ერიქსონმა სცადა - მას შემდეგ რაც შვედეთში ბიბლიური მოტივებისა და გენდერული და სექსუალური უმცირესობის კულტურის საერთო სივრცეში გამოსახვას დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ევროპარლამენტმა მაშინ ნამუშევრები არ გამოფინა. 

ლგბტქ თემის საკითხებთან დაკავშირებით დებატები და უთანხმოება არახალია ევროპარლამენტში, სადაც განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი 705 წევრი 27 წევრი სახელმწიფოდან იკრიბება.

იმედმა გაშუქებისას ყურადღების მიღმა დატოვა ისიც, რომ გამოფენას პროტესტი მოჰყვა წევრ სახელმწიფოებში - პოლონეთსა და იტალიაშიც. ეს ინფორმაციაც იყო იმავე ტვიტში, რომლის მხოლოდ ნაწილი თარგმნეს. 

ჯეკ პეროკის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბრიუსელში ევროპარლამენტის ექსპონატმა, რომელშიც იესო გამოსახულია ტყავის სამოსით გეი მამაკაცებით გარშემორტყმული, იტალიისა და პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ისინი ნაშრომებს ერთგვარ მკრეხელობად აფასებენ.

ცხადია, ინფორმაციის დახლეჩისა და ცალმხრივი გაშუქების მიზანი ანტიდასავლური განწყობების გაღვივება იყო. აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტულმა მანქანებმა მომხმარებლის განწყობებით მანიპულაციისთვის ბოლო კვირებია აქტიურად დაიწყეს დასავლეთში სექსუალური და გენდერული უმცირესობების შესახებ სტატისტიკებისა და ისტორიების გაშუქება.  

კომენტარები