თბილისის მერია

22 მაისიდან თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

22 მაისიდან თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, სპეციალური QR კოდითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან, მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ საინტერესო წინადადება შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს. QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ"- თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, მძღოლებს საშუალება ექნებათ, რომ QR კოდები ნებისმიერი პირის ანგარიშს მიაბან, როგორც საკუთარს, ასევე, მათ შორის, ოჯახის წევრების და ა.შ.

კომენტარები