2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

სანდერსი: ბაიდენი 2024-ში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს

 Drew Angerer/Getty Images

ვერმონტის სენატორის, ბერნი სანდერსის თქმით, მას სჯერა, რომ პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის არჩევნებში დიდ უპირატესობას მოიპოვებს

მისი განმარტებით, იმ ამერიკელი ამომრჩევლისთვის, რომელსაც "დემოკრატიის სწამს არჩევანი ნათელია". CNN-თან ინტერვიუს დასასრულისას სანდერსს, რომელიც ბაიდენის წინააღმდეგ 2020 წლის დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში იბრძოდა, პრეზიდენტის ასაკის შესახებ ჰკითხეს. 

"ასაკი ერთია, გამოცდილება კი სულ სხვა რამ. მთავარია, რომელ მხარეს არიან ისინი [ამომრჩეველი] - მილიარდერების კლასის მხარეს თუ მუშა კლასის მხარეს". - თქვა სანდერსმა. 

ბაიდენი ასაკით ყველაზე დიდი პრეზიდენტია და მისი ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.

სანდერსმა აღნიშნა, რომ ტრამპის ხელახალი არჩევის თავიდან აცილება 2024 წლისთვის უმნიშვნელოვანესია. 

ბოლო გამოკითხვებში, ბაიდენის სავარაუდო კონკურენტების - რესპუბლიკელი კანდიდატების - დონალდ ტრამპისა და რონ დესანტის რეიტინგი თითქმის თანაბარია.

"საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა

აპრილის ბოლოს ბაიდენმა გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს ვიდეოთი ამცნო, სადაც აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა, დაიცვას დემოკრატია. 

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. 

კომენტარები