რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ რეზოლუცია მოამზადა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის გამარჯვების პირობების შესახებ ორპარტიული რეზოლუციის პროექტი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ელჩი ვაშინგტონში, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს.

რეზოლუციის პროექტი ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა, ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარმოადგინეს. ბრიფინგს ესწრებოდა უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც.

რეზოლუციის პროექტში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ადასტურებს, რომ აშშ-ის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვება და 1991 წლის მდგომარეობით საზღვრების აღდგენაა. უკრაინის გამარჯვების შემდეგ მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს NATO-სა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციით. 

რეზოლუციის მიხედვით, ომის დასრულების შემდეგ აშშ-მა და მოკავშირეებმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა გარანტირებული იყოს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ასევე, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსი მაღალჩინოსნები და სამხედროები პასუხისგებაში უნდა მიეცენ. 

კომენტარები