სუს

სუს: დავაკავეთ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, მალხაზ პაქსაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  კონტრტერორისტულმა ცენტრმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.
 
“კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
 
2013-2015 წლებში იგი ე.წ. “სამხედრო ემირების”, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების  დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში”. - წერია სუს-ის განცხადებაში. 
 
უწყების ცნობით, დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების, ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა.
 
განცხადების მიხედვით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები