აქონდროპლაზია

ჯანდაცვა: თუ EU-ს რამდენიმე ქვეყანა დააფინანსებს Vosoritide-ს, ჩვენც ავიღებთ პასუხისმგებლობას

"ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ჯანდაცვის უწყების ცნობით, "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება".

"შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA)  მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.

ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს" - აცხადებს სამინისტრო.


დღეს, 21 აპრილს, 14:00-ზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც ერთ-ერთი მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, სამინისტრომ მათ მედიკამენტის შემოტანის მომავალი წლის ბიუეტში გათვალისწინება შესთავაზა. 

"შეხვედრა ძალიან ცუდად დასრულდა. [მინისტრმა] არაფერი შემოგვთავაზა, გვითხრა, რომ არ ენდობა ქვეყნებს, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. მის სიტყვებს ვციტირებ - სექტემბერში თუ კიდევ ექნება ინფორმაცია, რომ რომელიმე ქვეყანამ თავის თავზე აიღო დაფინანსება, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მედიკამენტის შემოტანა. ეს არის ტყუილი, ანუ, ფულზეა ლაპარაკი, მეტზე არაფერზე. ჩვენ რომ შევეწინააღმდეგეთ, როგორ გგონიათ, ჩვენ ახლა ფული აქ გვიდევსო? ის არ ენდობა მეზობელ ქვეყნებს, არ ენდობა უკრაინას, ყაზახეთს, იტალიას, საფრანგეთს... 

14:00 საათზე კანცელარიასთან აქციას ვაწყობთ - თუ შეგიძლიათ, ყველას გააგონეთ ხმა, რომ არ მიეცეთ ამათ ბავშვების ჯანმრთელობით ვაჭრობის უფლება. 

მხოლოდ წამალი გვინდა, სხვა არაფერი არ გვჭირდება. სექტემბერში ბავშვებს ზრდის ზონები ეხურებათ - პირადად ჩემი შვილი 13 წლის არის, სექტემბერში 14 წლის გახდება. სანამ იანვარში ესენი ბიუჯეტს დაამტკიცებენ და აპრილში წამალს შემოიტანენ, ჩემს შვილს ამ 1 წელში, შეიძლება, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდეს. სიმაღლეზე არ მაქვს ლაპარაკი, შეიძლება, შედეგი ჰქონდეს გართულებების მხრივ". - ამბობს ის ტაბულასთან საუბარში.  

დაახლოებით სამი თვეა, რაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებს პერმანენტული ფორმა აქვს. ისინი პრეპარატ Vosoritide-ს (რომელიც იყიდება ბრენდის სახელით Voxzogo) საქართველოში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მათი თქმით, მედიკამენტი ძვირადღირებულია და ერთწლიან დოზას 200 000 დოლარი სჭირდება. 

"ამ წამალს აქვს მოქმედების პერიოდი იქამდე, სანამ ზრდის ზონები ღიაა, თუ ზრდის ზონები დაიხურა, მედიკამენტი აღარ მოქმედებს და აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ არის, რომ დღითიდღე მსოფლიოში ამ მედიკამენტზე მოთხოვნა იზრდება" - ამბობს ერთერთი მშობელი. 

ჯანდაცვის უწყებასა და სახელმწიფოს დახმარებისთვის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ოჯახებმა წელიწადისა და 4 თვის წინ მიმართეს. როგორც თავად აღნიშნავენ, სამინისტრომ დაპირებები გასცა, თუმცა მედიკამენტით მათი უზრუნველყოფა მაინც არ მოხდა. აქციის ერთერთი მონაწილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს 12 ბავშვისთვის შეკვეთილი ჰქონდა პრეპარატი, თუმცა, თანხის გამო, მოლაპარაკება შეწყდა.

"წერილიც გვაქვს, სადაც ფიქსირდება, რომ ითხოვდნენ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას, ამპულებს ითვლიდნენ...  ჰქონდათ მოლაპარაკება ბიომარინის კომპანიის წარმომადგენელთან, მაგრამ მოლაპარაკება შეწყდა და შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ თანხა იყო. მათ თანხის გამო შეიკავეს თავი, არ გაემეტათ ჩვენი შვილებისთვის ეს თანხა და დღემდე ეს პრობლემაა. ვერ იმეტებენ თანხას იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანმრთელობის უფლება" - ამბობს მშობელი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი ცდება, როცა ამბობს, რომ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას არცერთი ქვეყანა არ აფინანსებს. 

3 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ იშვიათი დაავადებების უწყებათაშორისმა საბჭომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შესყიდვაზე დადებითი რეკომენდაცია არ გასცა. აზარაშვილის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება საბჭომ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითის განხილვის, ასევე, ჯანმოსა და პაციენტების უფლებების დაცვის საზოგადოებებთან კომუნიკაციის შედეგად მიიღო. აზარაშვილის თქმით, წამალი არის ექსპერიმენტული, აქვს გვერდითი მოვლენები და არცერთი ქვეყანა მისით მკურნალობას არ აფინანსებს. 

"გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შესწავლის პროცესშივე აქვს შეჩერებული მისი განხილვა, რადგან ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ ამ მედიკამენტის დაფინანსებაზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის. მსოფლიოში არსებულ ვითარებას საბჭო აფასებს და ამიტომ დადებით გადაწყვეტილებას არ იღებს. საუბარია დაახლოებით 900 000 ლარის წლიურ დოზაზე ერთი ბავშვისთვის, რომელიც პაციენტმა სრულწლოვან ასაკამდე უნდა მიიღოს. პაციენტებზე ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ მაქსიმალური ეფექტი, რაც მიიღეს წლის განმავლობაში, 1.6 სმ-ით ზრდა იყო".- განაცხადა მინისტრმა. 

საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მშობლებისა და ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, დაავადება 17 ბავშვს აქვს, საიდანაც 12 მათგანს მედიკამენტი სჭირდება.

აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც 25 000 ბავშვში ერთს უვლინდება. გენის მუტაციის გამო ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების ძვლოვანი სტრუქტურა არაპროპორციულად ვითარდება.

კომენტარები