რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

ლიტვის სეიმმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ვეტო დაძლია და რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

სეიმის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, ორმა კი - თავი შეიკავა. 

თავდაპირველად, ნაუსედამ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტარებს ერთიანი პოზიციის დაცვა და შეზღუდვების გათანაბრება შესთავაზა, რომლებიც როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის მოქალაქეებზე უნდა გავრცელებულიყო. ლიტვის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში სულ 7 სანქციაა, რომელთაგან 4 ორივე ქვეყნის, 3 კი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეეხებათ. 

ამის საპასუხოდ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა, იონას ჯარუტისმა თქვა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ტოლობის დასმა სამართლიანი არ არის. 

"მე მესმის ჩვენთვის ამ ორი სახელმწიფოსგან წამოსული საფრთხები, თუმცა, ვერ დავსვამ ტოლობის ნიშანს რუსეთსა და ბელარუსს შორის. რუსეთს ჩვენ აგრესორად ვაღიარებთ, სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმს მხარს უჭერს, რომელიც უკრაინაში პირდაპირ შეიჭრა". - აღნიშნავს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრი, იონას ჯარუტისი. 

მიღებული კანონით რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ლიტვის ვიზების მიღება შეეზღუდებათ, ასევე, მათ აეკრძალებათ ქვეყანაში უკრაინული ვალუტის ჩატანა. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები ლიტვაში უძრავი ქონების შეძენას ვერ შეძლებენ და მათ მიერ ბინადრობის უფლების მიღების მოთხოვნას სახელმწიფო დროებით არ განიხილავს.

კომენტარები