ოკუპირებული აფხაზეთი

9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი ჩაკეტა

აფხაზი სეპარატისტი ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. 2013 წელი.
РИА Новости

9 აპრილს თბილისში დაგეგმილი აქციის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

"პარასკევიდან აფხაზეთი-საქართველოს საზღვარზე, მდინარე ენგურთან დაწესდა დროებითი შეზღუდვები გასვლაზე. 9 აპრილთან დაკავშრებით ჩვენ შევზღუდეთ საქართველოში გასვლა, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. გამონაკლისი დაიშვება ენგურჰესის თანამშრომლებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ მიდიან და მოხუცებზე". – თქვა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსტამ ლატიპოვმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 9 აპრილს თბილისში, რუსთაველზე აქციას გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, აქციაზე მთავარი მოთხოვნები ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება.

გასულ თვეში ოკუპირებილი აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გამოაცხადა, რომ ატარებდნენ სამუშაოებს ე.წ. შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გასაზრდელად, აპრილში დაგეგმილი თბილისის აქციების გამო.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, შიდა ერთიანობის საკითხები მნიშვნელოვანია. საქართველოს ოპოზიცია ცდილობს მთავრობის დამხობასა და რუსეთის, რომელიც იძულებული იყო ჩაეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია, წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. აპრილში საქართველოში ფართომასშტაბურ აქციებს ამზადებენ და ამ პირობებში ჩვენთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გავამყაროთ. ჩვენ ვატარებთ მასშტაბურ სამუშაოებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად". – ამბობდა ბჟანია.

მარტის დასაწყისის თბილისის საპროტესტო აქციების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აქტიურად ავითარებს შეთქმულების თეორიას, თითქოს საქართველოში აშშ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

კომენტარები