NATO

ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო მიუმხრომლობის ეპოქა ჩვენს ისტორიაში დასრულდა

დღეს, 4 აპრილს ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ალიანსის სათაო ოფისში ფინეთის დროშის აღმართვის ისტორიულ ცერემონიაზე NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად სიტყვით გამოვიდა ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის ეპოქა დასრულდა, თუმცა, ის კვლავ რჩება სახელმწიფოდ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება.

"ფინეთი დღეს NATO-ს 31-ე წევრი გახდა. სამხედრო მიუმხრომლობის პოქა ჩვენს ისტორიაში დასრულდა და იწყება ახალი ეპოქა. თითოეული სახელმწიფო საკუთარი უსაფრთხოების მაქსიმიზაციას ახდენს, ასევეა ფინეთიც. NATO-ს წევრობა აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციას და ზრდის ადგილს მანევრებისთვის. როგორც პარტნიორი, ჩვენ დიდი ხანია მონაწილეობას ვიღებთ NATO-ს აქტივობებში. როგორც მოკავშირე, ფინეთი კონტრიბუციას შეიტანს NATO-ს აქტიურ შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვაში". – თქვა ნიინისტომ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა NATO-ში მისი მეზობლის, შვედეთის სწრაფ გაწევრიანებაზე და აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ალიანსის წევრი შვედეთიც გახდება.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

კომენტარები