რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უგანდის პრეზიდენტის შვილი: საფრთხის შემთხვევაში, მოსკოვის დასაცავად ჯარს გავგზავნით

მუჰუზი კაინერუგაბა

უგანდის პრეზიდენტის იოვერი მუსევენის შვილის, მუჰუზი კაინერუგაბას თქმით, უგანდა რუსეთში სამხედროებს გაგზავნის, თუ მოსკოვს "იმპერიალისტები" საფრთხეს შეუქმნიან. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა. 

"დამიძახეთ "პუტინისტი", მაგრამ, ჩვენ, უგანდა მოსკოვის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის, თუ იმპერიალისტები მათ ოდესმე საფრთხეს შეუქმნიან". – დაწერა მუჰუზი კაინერუგაბამ.

48 წლის კაინერუგაბამ, რომელიც Twitter-ზე ორაზროვანი პოსტებით გამოირჩევა, გასულ თვეში გამოაცხადა, რომ 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი იქნება. 2022 წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტმა მუსევენიმ გამოაცხადა, რომ მისი ვაჟი Twitter-ზე ქვეყნის შესახებ აღარ ისაუბრებდა, მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში კაინერუგაბა კენიას ემუქრებოდა, რომ შეიჭრებოდნენ.

უგანდამ გაერო-ს უკრაინის მხარდამჭერ რეზოულიციაზე ხმისმიცემისგან თავი შეიკავა.

2022 წლის ივლისში, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აფრიკის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებით მოგზაურობდა, კაინერუგაბამ თქვა: "როგორ ვიქნებით ისეთი ვინმეს წინააღმდეგ, ვისაც ჩვენთვის არასდროს არაფერი დაუშავებია?".

2022 წელს ლავროვმა უგანდაში გამართული ვიზიტის დროს შეაქო ქვეყნის მიდგომა და მას "პასუხისმგებლიანი და ბალანსირებული პოზიცია" უწოდა.

ვიზიტის დროს პრეზიდენტი მუსევენი ამბობდა, რომ ის საკუთარი ქვეყნისკენაა და სხვებთან ურთიერთობას ინტერესების მიხედვით წარმართავენ.

"მე პრო-ჩემთავისტი ვარ და სხვა ხალხთან ჩემი ინტერესების შესაბამისი ურთიერთობა მაქვს". – ამბობდა მუსევენი.

კომენტარები