ეკონომიკური ზრდა

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 5.8%-ით გაიზარდა, წლის პირველი ორი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.1%-ით განისაზღვრა. 

საქსტატის ინფორმაციით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება".

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების,
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.

2022 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.1%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები, დიდწილად, რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული. 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში ათასობით ადამიანი შემოვიდა. გასული წლის ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ერთჯერადი მიგრაციული პროცესებითაა გამოწვეული. ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამასთან, მიგრაციის შედეგად სტიმულირებული მოთხოვნის გამო უძრავი ქონების ფასები იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქირა ფასების კალათის ერთ-ერთი კომპონენტია, მისი ზრდა იწვევს ინფლაციის მატებას, რაც მოსახლეობისთვის კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ დარტყმას წარმოადგენს. 

მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის მე-12 პოზიციიდან 26-მდე ჩამოქვეითდა, რაც საქართველოს სარეიტინგო ქულის გაუარესების უპრეცედენტო მაჩვენებელია.

საქართველომ 2021 წელიც მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. მაშინდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.

კომენტარები