რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დასავლეთს საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემა დავუბრუნეთ, რადგან არ მუშაობდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში დასავლეთს უკრაინაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი სისტემა, რომლებიც მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს, არ მუშაობდა

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გადაწყვეტილებები Patriot-ებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ისინი რეალურად". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის განმარტებით, უკრაინას რუსული რაკეტებისგან თავის დასაცავად 20 Patriot-ის სისტემა სჭირდებოდა და ახლა, შესაძლოა, ეს რაოდენობაც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან, მისი სიტყვებით, ამდენი ბალისტიკური რაკეტით მსოფლიოში არცერთ ქვეყანას დასხმიან თავს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინაში კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გაგზავნეს, თუმცა ის არ მუშაობდა და მათ სისტემის გამოცვლა რამდენჯერმე მოუწიათ. ზელენსკიმ კონკრეტული ქვეყანა არ დაასახელა.

ზელენსკიმ ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა გამანადგურებლების საჭიროებაზე და დასძინა, რომ უკრაინას "ჯერ კიდევ არაფერი აქვს, როდესაც საქმე თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს შეეხება". 

პოლონეთმა და სლოვაკეთმა უკრაინისთვის საბჭოთა გამანადგურებლების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, არცერთი სხვა დასავლელი პარტნიორი უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას არ დათანხმდა, ვინაიდან, მათი აზრით, ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. გარდა ამისა, უკრაინას თავდაცვითი პოზიციიდან შეტევაზე გადასვლის საშუალებასა და თეორიულად, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, ის დრო, რომელიც პილოტების მომზადებასა და სახმელეთო ეკიპაჟების უზრუნველყოფას დასჭირდება, იარაღის მიწოდებას, მოკლევადიან პერსპექტივაში, არაპრაქტიულს ხდის. 

კომენტარები