შალვა რამიშვილი

სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია – ქალი დეპუტატების განცხადება

საქართველოს პარლამენტის წევრი ქალი დეპუტატები თათია სამხარაძის წინააღმდეგ მიმდინარე ზეწოლისა და სხვა ოთხი ქალის მიერ პოსტივის გენერალური დირექტორის შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში მხილების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქალი დეპუტატები სასტიკად გმობენ თავდასხმას ხატია სამხარაძეზე, რომელმაც სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალი დეპუტატები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა. სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.” - წერია პარლამენტის წევრი ქალი დეპუტატების განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია საკითხზე ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რადგან ეს შალვა რამიშვილისთვის ხელის დაფარებასა და სხვა მოძალადეების წახალისებას ნიშნავს. 

"სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროებელს, რითაც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს." - წერია განცხადებაში.

დეპუტატების განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია ქართული ოცნების წევრების გზავნილების საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ქალთა უფლებების დაცვის, ასევე, კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნის საკითხში.

"ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას." - ვკითხულობთ ქალი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ბოროტად გამოიყენეს მოძალადის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად.

"გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავწარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს." - ნათქვამია განცხადებაში.

ქალი დეპუტატები საგამოძიებო უწყებებისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნას. ასევე, მათი მოთხოვნაა, უწყებამ რეაგირება მოახდინოს სხვა ქალების მიერ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე. 

"მოვითხოვთ საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნისა და ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით." - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტარები მოუწოდებენ სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამასთან, განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება - დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, "რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობის განგრძობადი დარღვევა".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ანა ნაცვლიშვილი
  • თეონა აქუბარდია
  • ხატია დეკანოიძე
  • ანა ბუჩუკური
  • ხათუნა სამნიძე
  • ანი წითლიძე
  • სალომე სამადაშვილი
  • თამარ კორძაია

სამხარაძე: ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება

კომენტარები