დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

2023 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მარტივი რომ არ იქნება, ამ სამ თვეში ნათლად გამოჩნდა. საქართველოს საპროტესტო აქციების გარდა, დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის რეგიონში კვლავ არ განმუხტულა. სანამ ჩვენი ყურადღება ძირითადად რუსული კანონპროექტისკენ იყო მიმართული, რეგიონში კიდევ ერთხელ გაჩნდა ნიშნები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ესკალაციის ზრდაზე მიგვითითებენ. 

5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სომხურ სეპარატისტულ ჯგუფებს შორის შეტაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. არცახის რესპუბლიკის (როგორც სომეხი სეპარატისტები საკუთარ თავს ეძახიან) პოლიციის ოფიცრების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა და სამი მათგანი მოკლეს. მათი უკან დახევის დროს ცეცხლი გახსნეს სეპარატისტულმა ძალებმაც და შედეგად ორი აზერბაიჯანელი სამხედროც დაიღუპა. 

ბაქოში აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ "ოპერატიული ინფორმაცია" სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "უკანონო სამხედრო ტექნიკისა და მასალის" გადაადგილებასთან დაკავშირებით, რაც საკუთარი მოქმედებების მიზეზად სახელდება. მათივე მტკიცებით, სცადეს ტვირთის შეჩერება და შემოწმება, როცა მოწინააღმდეგემ მათ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტულ სტეფანაკერტში კი ამბობენ, რომ მათ პოლიციელთა ჯგუფს თავს აზერბაიჯანის 15-კაციანი დივერსიული ჯგუფი ტყიდან დაესხა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი ორივე მხარეს.

აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ჩაცხრილული მანქანა და რუსი სამშვიდობოები

თითქოს ეს ყველაფერი მხარეებს შორის მორიგი ცეცხლის გაცვლა და დაძაბული შეტაკება იყო, თუმცა, რეალურად, სრული სურათის გათვალისწინებით, სიტუაცია უფრო მძიმეა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ სეპარატისტული ყარაბაღის ერთადერთი მოსამარაგებელი გზა, რომლითაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სომხეთს უკავშირდება, ფაქტობრივ ბლოკადაშია. ნახსენებ სროლას წინ უსწრებდა დასავლეთის მცდელობები, განემუხტათ სიტუაცია და აღედგინათ ბრიუსელის მოლაპარაკებების ფორმატი. სროლების პარალელურად, აზერბაიჯანში გაიმართა დასავლეთი წარმომადგენელთა ვიზიტები: 5 მარტს ბაქოში სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი, 6 მარტს კი სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ს მთავარი მრჩეველი, ლუის ბონო ჩავიდა.

დაძაბულობა რეალურად 12 დეკემბერს დაიწყო, როცა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო მისიით განლაგებული სამხედროები აკონტროლებენ, ჩაკეტეს აზერბაიჯანელებმა, რომლებიც თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო მოპოვებასა და მის სომხეთში გატანას აპროტესტებენ. აქამდე, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები ეკონომიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებიდან რუსმა სამშვიდობოებმა არ შეუშვეს გიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძის საბადოებში ინსპექციის ჩასატარებლად. ეს ობიექტები სეპარატისტული სტეფანაკერტის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. აზერბაიჯანელთა ჯგუფი საკუთარ მიზნად გარემოსთვის შესაძლო ზიანის მიყენების შეფასებას ასახელებდა. დემონსტრანტების მიერ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის შემდეგ, რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანელთა იგივე ჯგუფი ნახსენებ ობიექტებზე 17 დეკემბერსაც არ შეუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 23 თებერვალს ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც აზერბაიჯანი დაავალდებულა, რომ ლაჩინის დერეფანი გაეხსნათ, მთიანი ყარაბაღი კვლავ ფაქტობრივ ბლოკადაში რჩება.

აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები და რუსი სამშვიდობოები ლაჩინში

რატომ ახლა? 

ალბათ აზერბაიჯანის დელეგაციისთვის თავიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მათ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად საბადოებში არ შეუშვებდნენ და აქედან წიაღისეულის მოპოვებაც არახალია, აზერბაიჯანელმა დემონსტრანტებმა კი პროცესი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. რატომ ხდება ეს მოვლენები ახლა?

გასულ წელს ბრიუსელის ფორმატის მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარუმატებლად დასრულდა. მხარეებმა ვერ მიაღწიეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. ამას გარდა ბაქომ პროვოკაციად აღიქვა საფრანგეთის სენატის მიერ 2022 წლის ოქტომბერში მიღებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერდა სომხეთს. უკვე ნოემბერში კი, საფრანგეთის სენატმა აზერბაიჯანის სანქცირებაც კი მოითხოვა. ამ მოვლენებმა ბრიუსელის ფორმატის წარუმატებლობას ხელი შეუწყო, თუმცა საკითხავია ისიც, თუ რამდენად გულწრფელად სურს ბაქოს, კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმებით გადაჭრა.

თებერვლის ბოლოს აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტომ გამოაცხადა, რომ ჰორადიზ-ჯაბრაილ-ზანგილან-აღბანდის ავტობანის 73% დასრულებული იყო. ბაქოს გეგმებით, ეს გზა უნდა დაუკავშირდეს ზანგეზურის დერეფანს, რომლის გაყვანაც, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დასაკავშირებლად, სომხეთის ტერიტორიაზე სურთ. გზა, რომელსაც საფუძველი 2021 წლის 26 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერთად, სპეციალურ ცერემონიაზე ჩაუყარეს, დასრულების პირასაა. შესრულებულია ამავე მიმართულების გასწვრივ გამავალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის 40%-იც. აზერბაიჯანი ამ გზების ამოქმედებას 2024 წლისთვის გეგმავს, თუმცა ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, მუშაობა ჯერაც არ დაწყებულა. ამას თუ დავუმატებთ ფაქტს, რომ სომხეთი თურქეთთან სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს, რუსეთს კი ერევნისთვის არ სცალია და რეგიონში ამჟამად სხვა ინტერესები აქვს, ლოგიკურია, რომ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მოკლე ვადაში გახსნას ეცდება და ხისტ ზომებს მიმართავს.

ზანგეზურის დერეფნის გეგმა:
მწვანე - ბაქოდან ჰორადიზამდე მიმავალი გზა
ლურჯი - ჰორადიზ-ჯაბრაილ-ზანგილან-აღბანდის ავტობანი და სომხეთზე გამავლი ზანგეზურის დერეფანი
წითელი - ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამავალი გზა
ნარინჯისფერი - გზა ნახიჩევანიდან თურქეთისკენ
 

ზანგეზური ლაჩინის სანაცვლოდ, ლაჩინი ზანგეზურის სანაცვლოდ

ზანგეზურის დერეფნის გაყვანის შემთხვევაში, სომხეთს სურს, რომ ამ პერიმეტრზე განათავსოს ორი გამშვები პუნქტი, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახიჩევანის რეგიონამდე და პირიქით მიმავალ ტვირთებს გააკონტროლებენ. სომხეთის ამ სურვილის შესაბამისად, როდესაც, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით, 19 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე ერთმანეთს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი შეხვდნენ, ამ უკანასკნელმა სომეხ კოლეგას წაუყენა შეთავაზება. ალიევის წინადადების მიხედვით, ერევანს ზანგეზურის დერეფნის პერიმეტრზე ორი გამშვები პუნქტის განთავსება შეეძლებოდა, ოღონდ, საპასუხოდ, ბაქოს საკუთარი გამშვები პუნქტები უნდა განეთავსებინა ლაჩინის დერეფანზე. მსგავსი წინადადება ახალი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2021 წლის 14 დეკემბერს, როცა ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით პირველი მოლაპარაკებები ჩატარდა, ალიევი ამბობდა, რომ ზანგეზურზე სომხეთის კონტროლს იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ ასეთივე შეზღუდვები ლაჩინის დერეფანზეც დაწესდებოდა. 23 თებერვალს სომხეთმა ბოლო შეთავაზებაზე უარი თქვა. სომხეთის საგარეო მინისტრი არარატ მირზოიანი ამბობდა, რომ ლაჩინის დერეფნის უკვე არსებული რეგულაციები გაწერილია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგი, 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით და მისი გადახედვა მიუღებელია. შესაძლოა ეს გადაწყვეტილება რუსეთის ზეწოლით განპირობებულიც ყოფილიყო.

ალიევმა, თავის მხრივ, არ შეწყვიტა ლაჩინის დერეფანზე არსებული ზეწოლა. ზანგეზურის გახსნის სურვილის გარდა, ბაქოში აშფოთებთ, რომ ეს მიმართულება ყარაბაღელი სეპარატისტებისთვის სამხედრო დახმარების მისაწოდებლად გამოიყენება. მართალია გზა სრულად გადაკეტილი არაა და დროგამოშვებით აზერბაიჯანელი აქტივისტები რუსი სამშვიდობოების კოლონებსა და წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ დახმარებას ატარებენ, თუმცა ეს კრიზის ბაქოს მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტად ჩნდება და აჩვენებს, რომ დენთის კასრი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. სომხეთი ლაჩინის დერეფანზე გამშვები პუნქტების განლაგებაზე უარისგან თავს 10 ნოემბრის შეთანხმებით იმართლებს, თუმცა, ამავე სამმხრივი განცხადების საფუძველზე, აზერბაიჯანი ერევანს პირობის შესრულებისკენ და ზანგეზურის დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალიევი სომხეთს დერეფნებზე ურთიერთკონტროლის დაწესებას სთავაზობს, ცხადია, რომ ეს ვარიანტი მათთვის უფრო წამგებიან შედეგს გამოიღებს, ვიდრე ძალის გამოყენება. თუმცა ხისტ მოქმედებებს პასუხი საერთაშორისო საზოგადოებისგან მოჰყვება, აზერბაიჯანს კი დასავლეთთან დამთბარი ურთიერთობის გაციება არ სურს. შესაბამისად, მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯებით, ბაქო შესაძლოა არჩევნის ილუზიას ქმნიდეს, რადგან, ცხადია, ერევანი მათ იქამდე არ დათანხმდება, სანამ ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფილი არ იქნება. თავად ალიევის შეთავაზება, რომ ორივე მხარემ დერეფნებზე საკონტროლო პუნქტები დააწესონ, როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, "საერთაშორისო პარტნიორებმა" დადებითად შეაფასეს. მას არ დაუზუსტებია ვის გულისხმობდა ამ პარტნიორებში, თუმცა, რადგან რუსეთი ამ იდეის წინააღმდეგია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აშშ-სა და ევროკავშირზე საუბრობდა. შესაბამისად, როდესაც ბაქოსთვის ძალის გამოყენების დრო დადგება, მათ დასავლეთისთვის ექნებათ სათქმელი, რომ ეს მათი ბოლო გამოსავალი იყო და სომხეთისთვის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობა მიცემული ჰქონდათ, რაზეც მათ უარი თქვეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ძალის საფრთხით ზეწოლას ვერ გაუძლებს და ალიევის შეთავაზებას დათანხმდება, აზერბაიჯანი მაინც გამარჯვებული დარჩება, რუკაზე ნაკლებად ხელსაყრელი მოცემულობით, თუმცა ამას ნაკლები დანახარჯიც ექნება. დაძაბულობა სწორედ ამ მიზეზით გრძელდება.

ყვითელი - სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია

ერევანი საკუთარ ტერიტორიაზე გზის გაყვანის თანხმობას შეძლებისდაგვარად აჭიანურებს, რის პასუხადაც ალიევს მუქარა არაერთხელ გაუჟღერებია. მაგალითად, წელს, 12 იანვარს ალიევმა ზანგეზურის დერეფნის გაყვანას "ისტორიული აუცილებლობა" უწოდა და აღნიშნა, რომ "ის, სომხეთს ეს ენდომება თუ არა, შესრულდება". მისივე მტკიცებით, ეს არა მუქარა, არამედ "გარდაუვალი რამაა", თუმცა მუქარა მუქარად რჩება. მთელი ეს გარემოებები ამჟამინდელი დაძაბულობის მიზეზს ხსნის და მიუთითებს, რომ უფრო დიდ გამწვავებებსაც ვიხილავთ. ამასთან ერთად, ალიევი სარგებლობს ფაქტით, რომ რუსეთის ყურადღება თითქმის სრულადაა გადატანილი უკრაინის ომზე, პარალელურად კი ბაქოს ენერგორესურსებით დაინტერესებულია ევროპის ბაზარი, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს უფრო თამამი მოქმედებებისთვის თავდაჯერებას აძლევს. ამ უკანასკნელ ფაქტორს ალიევი უფრო და უფრო აქტიურად იყენებს, მაგალითად, ამჟამინდელი დაძაბულობის ფონზე, მან 14 მარტს გამოაცხადა, რომ, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდის გამო, გაზსადენების მოცულობის შესაძლებლობებს გააფართოებს. ამ მიმართულებით, ბაქო ყველანაირად ცდილობს, ევროკავშირის ინსტიტუტებს თავი მოაწონოს და საინტერესოა, რომ სწორედ ამ მიზნით ალიევმა "მწვანე" ენერგიის ექსპორტზე საუბარიც დაიწყო. ევროპის კონტინენტზე ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე გადასვლა, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, საკმაოდ პოპულარული ენერგოპოლიტიკაა და ეს აზერბაიჯანში კარგად ესმით. 3 თებერვალს აზერბაიჯანში გაიმართა მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს პირველი მინისტერიალი.  შეიძლება ითქვას, რომ ალიევმა ევროკავშირისთვის, რომელიც ბაქო-ერევნის მოლაპარაკებებშია ჩართული, შეიმუშავა ახალი, მწვანე ენერგოპოლიტიკის ნარატივი და სწორედ ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანელი დემონსტრანტები, რომლებმაც ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს და აშკარად მთავრობის მიერ მართული ჯგუფებია, თავს "ეკოაქტივისტებს" უწოდებენ და მათი მტკიცებით, გარემოსთვის ზიანის მიყენება აღელვებთ.

ყარაბაღელი სომხების გარანტიები ზანგეზურის სანაცვლოდ

სომხეთის ნარატივი, ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, კარგად ჩანს 2022 წლის 29 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელშიც არმენპრესთან სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყარაბაღის საკითხი ერევნისთვის "არ წარმოადგენს ტერიტორიულ საკითხს" და მათთვის მთავარია "ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოება და უფლებები". თავად ფაშინიანის ინიციატივა იყო, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისგან გაემიჯნათ. როდესაც ერევნის მთავრობა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს აჭიანურებს, მათი მიზანი სწორედ ამ გარანტიების უზრუნველყოფაა და არა უბრალოდ ის, რომ ლაჩინის გზაზე აზერბაიჯანული საგუშაგოების განლაგება არ სურთ. 

ეს გარანტიები უნდა მოიცავდეს ყარაბაღელი სომხების უფლებებისა და კულტურული ძეგლების დაცვას, რაც ზემოხსენებულ ინტერვიუში გრიგორიანმაც აღნიშნა. ამ მიზნის მიღწევა განსაკუთრებით რთული იქნება იმიტომ, რომ ბაქო კონტროლირებად ტერიტორიებზე შეძლებისდაგვარად, ყველანაირი მეთოდით ცდილობს ამ ტერიტორიებიდან სომხური ისტორიის კვალი გააქროს. ბაქო ამისთვის აქტიურად იყენებს ალბანური (კავკასიის ალბანეთი) მემკვიდრეობის ნარატივს. ზოგიერთ განცხადებაში ალიევის მთავრობა საკუთარ ზრახვებს არც მალავდა. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი, ანარ კარიმოვი ამბობდა, რომ შეიქმნა სპეციალური ისტორიკოსთა ჯგუფი, რომელიც "ალბანური რელიგიური ტაძრებიდან სომხეთის მიერ დაწერილ კვალს" გააქრობდა. მსგავს პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთისთვის მიცემული რაიმე სახის გარანტია რეალურად, მხოლოდ თავისი კეთილი ნებით, სიტყვიერი, ან თუნდაც წერილობითი შეთანხმებით უზრუნველყოს, რადგან ამ გარანტიებისთვის საფრთხეს თავად მათი პოლიტიკა წარმოადგენს. ეს ერევანში კარგად ესმით. მსგავსი გარანტიების გარეშე აზერბაიჯანთან რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მთავრობაში მყოფ პირებს დიდ შიდაპოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს.

რუსი სამშვიდობოები ლაჩინის დერეფანში

სწორედ ამიტომ, სომხეთს სჭირდება მესამე მხარე, რომელიც გარანტიების შესრულებას უზრუნველყოფს. მართალია, ფაშინიანი 2022 წლის ნოემბერში რუს სამშვიდობოებს ამ ყველაფრის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ მშვიდობისმყოფელი მისიის გასვლა "ყარაბაღელი სომხებისთვის მკაფიო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უფლებების გარანტიების გარეშე", არამხოლოდ სამმხრივი განცხადების დარღვევა, არამედ "ყარაბაღელი სომხების გენოციდისთვის მზადება" იქნებოდა, თუმცა მოსკოვისადმი ეს დამოკიდებულება მალევე შეიცვალა. ლაჩინის დერეფნის მოვლენებმა სომხეთი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საჭირო გარანტორი მხოლოდ რუსეთი ვერ გახდებოდა.

ფაშინიანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გარანტიებით, მთიანი ყარაბაღის გარშემო უნდა შეიქმნას დემილიტარიზებული ზონა. მან ეს შეხედულება ახსნა, რომ ასეთ შემთხვევაში, ე.წ. არცახის ძალებს თავდაცვის ნაკლები ძალები დასჭირდებათ და რაოდენობას შეამცირებენ. ამის შესახებ ფაშინიანმა ჯერ გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, შემდეგ კი ამ წლის თებერვალშიც ისაუბრა. ერევანმა ეს შეთავაზება 16 თებერვალს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს გადასცა. ცხადია, ამ ეტაპზე ბაქო მსგავს შემოთავაზებას არ დათანხმდება, თუმცა საინტერესოა თუ რა სახის საერთაშორისო გარანტიებზე საუბრობს სომხეთი. როგორც სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა 13 მარტს აღნიშნა, ამ კონტექსტში შესაძლოა "სხვადასხვა შესაძლებლობების განხილვა, მათ შორის მთიან ყარაბაღში საერთაშორისო თანამეგობრობის ყოფნა". ეს იდეა გარანტორებში რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა თავის თავში დასავლეთის მეტ ჩართულობას გულისხმობს. ამისდა მიუხედავად, ყარაბაღელი სომხებისთვის რეალური გარანტიები ამ დრომდე არ არსებობს. ბაქო ცდილობდა ერევანი დაერწმუნებინა, რომ ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და შესაბამისად მოეპყრობოდნენ, თუმცა თუ ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების ხშირ დარღვევასა და, ამას გარდა, ეთნიკურად სომეხთა წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ ეს დაპირება სანდოდ არ ჟღერს. ზანგეზურის დერეფნის საკითხი სომხეთისთვის ფაქტობრივად ბოლო კარტია, რომლითაც თამაშობს და სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო, პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებენ.

სომხეთის კრემლის ორბიტიდან გადახვევის მცდელობა

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ერევანში ხვდებიან, რომ რუსეთის, 90-იანებიდან მათ მთავარ სამხედრო მოკავშირის იმედად ვერ იქნებიან. რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში, ლაჩინის დერეფნის გასაკონტროლებლად ჩაყენებულმა სამშვიდობო კონტინგენტმა სომხების იმედი არაერთხელ გააცრუა. ნიკოლ ფაშინიანის პირდაპირი რიტორიკა საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ ერევანი, გარკვეულწილად, ცდილობს თავი დააღწიოს კრემლის ორბიტას. ამისთვის მათ ანკარასთან და ბაქოსთან ურთიერთობის რეგულირება სჭირდებათ, თუმცა ამის ალიევის პოლიტიკა ამის საშუალებას არ იძლევა.

სომხეთისთვის ცუდი ნიშანი გახდა ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლებში აზერბაიჯანმა და რუსეთმა განავითარეს. ცხადი იყო, რომ მოსკოვი რეგიონში პოლიტიკას პრაგმატიზმის პრიზმიდან უყურებდა და საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებდა, ისე, როგორც ყოველთვის, თუმცა, ამჯერად, ერევანი კრემლის მიზნებთან თანხვედრაში არ ჯდებოდა. ლაჩინის დერეფნის მოვლენები, ალბათ, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი იყოს. 2023 წლის იანვარში პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რომ რუსი სამშვიდობოები არა თუ ვერ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, არამედ "საფრთხეს უქმნიან სომხეთის უსაფრთხოებას". ამ ყველაფრის პარალელურად, ერევანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის გაძღოლილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნები ჩატარებულიყო. 

თუ ОДКБ უმოქმედობას აქამდე იმით ამართლებდა, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია ერევანს არ ეკუთვნოდა, მათი ფაშინიანისთვის ამ ალიანსის უფუნქციობა გამოჩნდა გასული წლის სექტემბერში, როცა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას უტევდა, ОДКБ-მ კი მხოლოდ საგამოძიებო დელეგაცია გაგზავნა. თუმცა, რეალურად, ამ უმოქმედობის გარეშეც, ერევანს უკვე ჰქონდა დაწყებული საკუთარი საგარეო პოლიტიკის ცვლილება რამდენიმე, აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით: ევროკავშირისკენ, თურქეთისკენ და ირანისკენ. 

ირანი, რომელსაც აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთის გარდა თავადაც წამგებიან გეოპოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა რეგიონში, სადაც მისი გავლენა ისედაც საკმაოდ მცირე იყო. თუმცა, საკითხავია, როგორ დაარეგულირებს სომხეთი ამ ურთიერთობებს მაშინ, როცა თეირანი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, პარალელურად კი ურანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე ამდიდრებს. თავად ირანი ზანგეზურის დერეფნის გეგმას მკაცრად ეწინააღმდეგება, რადგან ამ პროექტის შესრულება მათთვის სომხეთსა და აზერბაიჯანში ისედაც მცირე გავლენების დაკარგვა იქნება. 2022 წლის ოქტომბერში სომხეთში, ქალაქ კაპანში საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა შეფარვის გარეშე თქვა, რომ თეირანი რეგიონში ყველანაირ გეოპოლიტიკურ ცვლილებას ეწინააღმდეგება. უკვე 2023 წლის თებერვალში კი ერევანში თეირანის ელჩმა აღნიშნა, რომ ირანი და სომხეთი ზანგეზურის მსგავსი დერეფნის შექმნას არ დაუშვებდნენ. რეალურად, მათ არსებითი ბერკეტი ამ პროცესის შესაჩერებლად არ გააჩნიათ, თუმცა ბოლო ცნობები აჩვენებს, რომ ირანმა ბაქოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის მახასიათებელი ელემენტების მცირე დოზით გამოყენება გააქტიურა. მაგალითად, 2022 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა, მათი მტკიცებით, ირანის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი 19-კაციანი რადიკალური შეიარაღებული ჯგუფი, რომელთაც საზღვრებს გარეთ წვრთნიდნენ. ამავე წლის დეკემბერში კი, აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ დააკავეს 14 ირანელი, რომლებიც, ბრალდებით, ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების დახმარებით შევიდნენ და მიზნად ისახავდნენ სომეხი სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფების გაწვრთნას "საბოტაჟსა და ტერორისტულ ქმედებებში". ირანი აზერბაიჯანში რადიკალური ისლამისტური ჯგუფების კულტივირებას წარსულშიც ცდილობდა, თუმცა ცნობები მათი სპეცსამსახურების მიერ სომეხი სეპარატისტების დახმარების მცდელობაზე, სიახლეა. პარალელურად, ირანულ სამთავრობო მედიაში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. ამას გარდა, ჰქონდათ დეზინფორმაციული კამპანიაც, თითქოს ნახიჩევანის რეგიონის მცხოვრებლებმა ირანთან შეერთება მოითხოვეს. Middle East Institute-ის შეფასებით, ეს ტაქტიკა და რიტორიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა კამპანიას წააგავს. ბაქოზე ირანის ზეწოლის დემონსტრირება იყო გასული წლის ოქტომბერში სასაზღვრო რეგიონში გამართული წვრთნები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოქმედებების ფარგლებში პირველად ივარჯიშეს ორი ქვეყნის გამყოფ მდინარეზე ხიდის გადებაშიც. რა თქმა უნდა, ეს მოვლენები პირველ რიგში ორ ფაქტორს: ბაქოსა და ისრაელის დაახლოებასა და ირანში მცხოვრებ ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდ რიცხვს უკავშირდება, თუმცა გავლენა ერევნის მიმართ თეირანის მხარდაჭერაზეც ექნება. 

ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კაპანში საკონსულოს გახსნაზე

ცხადია ისიც, რომ სომხეთი, ახალი მცდელობების მიუხედავად, რუსეთზე დამოკიდებულებას თავს ახლო მომავალში ვერ დააღწევს, რადგან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაშია. ამას გარდა, ფაშინიანის მთავრობა, ქვეყანაში არსებული პრორუსული პოლიტიკური ძალების გათვალისწინებით, მსგავს ნაბიჯებს ყოველთვის დიდი სიფრთხილით დგამდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სომხეთის მსგავსი პოლიტიკა არ გულისხმობს რუსეთის ორბიტის დატოვების აუცილებლობას. რეალურად, ამ მიდგომით ისინი მოსკოვის აზერბაიჯანის წინააღმდეგ გააქტიურებას ითხოვენ. მაგალითად, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 მარტს თქვა, რომ მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავებისთვის. თუმცა, ერევანში ალბათ კარგად ესმით, რომ კრემლი ბაქოს მიმართ არსებულ პრაგმატულ მიდგომაზე უარს არ იტყვის. ამ ფონზე მოსკოვსა და ერევანს შორის გაჩნდა გარკვეული ვაკუუმი.

არსებული ვაკუუმის შევსებას 2021 წლიდან ევროკავშირი ცდილობდა, მას შემდეგ რაც 2022 წელს ბრიუსელის მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩავარდა, პროცესში ჩართულობა აშშ-მაც გაზარდა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფაშინიანის ზემოხსენებული სიტყვებიდან, რომ რუსი სამშვიდობოები უსაფრთხოების პრობლემებს აჩენდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ ევროკავშირმა სომხეთში აზერბაიჯანის საზღვართან "სტაბილურობის მიზნით" სამოქალაქო მისიის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა.

პარალელურად, რუსეთი და აზერბაიჯანი ტკბილ-ცხარე ურთიერთობას აგრძელებენ. ორივე მხარე ერთმანეთზე ცდილობს, სხვადასხვა ბერკეტებით ზეწოლა იქონიოს. აზერბაიჯანს სურს ისარგებლოს შესაძლებლობის ფანჯრით, როცა კრემლის ყურადღება ძირითადად უკრაინისკენაა მიპყრობილი, მოსკოვი კი ყველანაირად ცდილობს რეგიონში გავლენა შეინარჩუნოს. ამ გავლენის გარანტორები ამ ეტაპზე მათთვის ყარაბაღში ჩაყენებული სამშვიდობო კონტინგენტია, რომლის მანდატის ვადა 2025 წელს გადის. თუ ბაქო ამ მანდატის გასვლამდე ლაჩინზე გავლენას ან რაიმე სახის კონტროლს მოიპოვებს, ან თუ მოხდება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც 10 ნოემბრის შეთანხმებით განსაზღვრული არ იყო, ეს კრემლისთვის უდიდესი გეოპოლიტიკური მარცხი და სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დაკარგვა იქნება. სწორედ ამიტომ, რუსეთი თავის მხრივ ყველანაირად ცდილობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდეს. სწორედ ამ მიზნით, პროცესში აქტიურად არის ჩართული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც, რეგიონის ექსპერტის, ტომას დე ვაალის შეფასებით, არის "ერთადერთი ადამიანი რუსეთის ხელისუფლებაში, რომელიც კავკასიაში სერიოზულად ერკვევა". თებერვლის ბოლოს ლავროვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაც გამართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ლაჩინისა და ზანგეზურის დერეფნები უნდა ყოფილიყო. ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადება ლაჩინის დერეფნის მონაკვეთზე გამშვები პუნქტების განლაგებას არ მოიცავდა. მან აზერბაიჯანს, დერეფნის სომხეთის მიერ სამხედრო მიზნით გამოყენების შიშის პასუხად, ამ გზაზე გამავალი ტვირთის შესამოწმებლად "ტექნიკური ზომების" დაწესება შესთავაზა. 

თავის მხრივ, ბაქო მოსკოვთან მიმართებაში ცდილობს, რომ პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს და საჭიროების შემთხვევაში ხისტ განცხადებებსა და ქმედებებსაც არ ერიდებიან. მაგალითად, გასული წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამდე, ყარაბაღში სომეხი სეპარატისტების მიერ წიაღისეულის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით რუსი სამშვიდობოების უმოქმედობის გამო, ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ალიევი რუსეთის საფრთხეზე თვალს რომ არ ხუჭავს ცხადია იმაზეც, რომ არ აპირებდა ყარაბაღელ სომხებთან მოლაპარაკების დაწყებას მანამ, სანამ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აქ გადმოსულ რუს ბიზნესმენს, სავარაუდოდ კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ რუბენ ვარდანიანს ეკავა. ილჰამ ალიევმა პირდაპირ თქვა, რომ არ ისაუბრებდა "მათთან, ვინც მოსკოვიდან გამოგზავნეს და ჯიბეში რუსებისგან მოპარულ ფულს მალავს" და დაამატა, რომ ოლიგარქი გამოგზავნილი იყო "ძალიან ცხადი" დღის წესრიგით. ვარდანიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, არაიკ არუთიუნიანმა 23 თებერვალს გადააყენა.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი

სომხეთი, კურსის ცვლილებასთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ საფრთხესთან, თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს. ანკარასთან განახლებული დიალოგი ერევანს ბაქოსთან არსებული კონფლიქტის მოგვარებაშიც დაეხმარება, თუმცა, ამავდროულად, ეს დაპირისპირება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნორმალიზაციის პროცესი ვერ სრულდება.

ანკარასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით ბევრი რამ გაკეთდა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა გამარჯვება დიდწილად თურქეთის სამხედრო მხარდაჭერით მოიპოვა. ფაშინიანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პრაგმატული მიდგომა დაეჭირა. ნორმალიზაციის მოლაპარაკებების პროცესი 2022 წლის 14 იანვარს დაიწყო, მოსკოვში. პირველივე შეხვედრაზე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მხარეები ავიამიმოსვლის განახლებაზე შეთანხმდნენ, რაც 2022 წლის თებერვალში შესრულდა კიდეც. მომდევნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მეოთხე შეხვედრაზე, ვენაში იქნა მიღებული. ერევანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაეხსნათ სახმელეთო საზღვარი, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც ჩაკეტილია. ამას გარდა, განაახლეს საჰაერო გზით ტვირთის გადატანაც. 

გასული წლის 11 ივლისს ფაშინიანმა ერდოღანს რამადანი მიულოცა და ურთიერთობათა პროცესის გაუმჯობესებაც სთხოვა. ნელ-ნელა ორი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულება ახალ საფეხურზე გადავიდა, ეს 2022 წლის აგვისტოში თავად თურქმა დიპლომატმაც აღნიშნა. შესრულდა ყველა შეთანხმება, რაც მხარეების სავაჭრო, სატრანსპორტო და საგარეო სამინისტროებს შორის დაიდო. დაიწყეს მომდევნო ნაბიჯების განხილვაც, რათა გადაეჭრათ საზღვარზე გამავალი გზების, რკინიგზისა და ხიდების საკითხები. შეთანხმებების გარდა, მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც იყო გზავნილი თურქეთისთვის, რომ სომხეთი მათი უსაფრთხოების შიშების გათვალისწინებას დაიწყებდა. 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობა, რომ ერევანმა ანკარას გადასცა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ორი წევრი, რომელიც აქამდე სომხეთში დაკავებული, შემდეგ კი გათავისუფლებული ჰყავდათ. ცნობები სომხეთის მაღალჩინოსნებმა უარყვეს, თუმცა PKK-ს სირიაში მყოფმა პოლიტიკურმა ფრთამ მომხდარი დაადასტურა და ფაშინიანი გააკრიტიკა. PKK თურქეთში გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. მნიშვნელოვანი იყო 6 ოქტომბერიც, როცა ფაშინიანი და ერდოღანი პრაღაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ილჰამ ალიევიც. აღსანიშნავია, რომ ნორმალიზაციის პროცესში თურქეთმა რუსეთი ნელ-ნელა ჩამოიშორა.

თუმცა, სიტუაციის ასეთ დათბობასთან ერთად, თურქეთი მუდამ მიანიშნებს იმაზე, რომ გადაწყვეტილებებს აზერბაიჯანთან თანხვედრაში მიიღებს. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ანკარასა და ერევანს მსგავსი წარმატება ურთიერთობებში 2009 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. 2009-ში სომხეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა ციურიხის პროტოკოლი, რომელიც მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას ითვალისწინებდა. საბოლოოდ რატიფიკაცია ანკარაზე ბაქოს ზეწოლის გამო ვერ მოხერხდა. მიზეზი პროტოკოლში ყარაბაღის საკითხის გაუთვალისწინებლობა იყო. ახლაც, ნორმალიზაციისთვის საბოლოო ნაბიჯის გადადგმასა და საზღვრების სრულად გახსნას აზერბაიჯანი ხელს ესკალაციით უშლის. 

მაგრამ, თებერვლის დასაწყისში, როცა აზერბაიჯანს საკუთარი მოქმედებების ნორმალიზაციის საბოტაჟი უკვე დაწყებული ჰქონდა, მოხდა მნიშვნელოვანი, გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობებს კიდევ უფრო დათბობას შესაძლებლობა მისცა. ეს იყო თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული მიწისძვრა, რომელსაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთმა ანკარას ჰუმანიტარული დახმარება და მაშველები გაუგზავნა საზღვრის გავლით, რომელიც მხარეებს შორის უკვე 35 წელია რაც ჩაკეტილი იყო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მაშინ აღნიშნა, რომ დახმარება ხელს შეუწყობდა მოლაპარაკებებს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და საზღვრის გახსნას. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მირზოიანმა კი დაამატა, რომ ისინი საზღვარზე მყოფი ანის ხიდის ერთობლივად შეკეთებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, არსებობდა საზღვრის გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, საბოლოო ნორმალიზაციამდე თურქეთი და სომხეთი რთულია შეთანხმდნენ მანამ, სანამ ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო დაძაბულობაა და ალიევის ამჟამინდელი გეგმები შესრულებული არ იქნება.

ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო სომხეთიდან თურქეთში გადადის

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჰააგის გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ლაჩინის გზის გახსნას ავალდებულებს, მიუხედავად იმისა, რომ რუბენ ვარდანიანი დე ფაქტო რესპუბლიკის მაღალჩინოსანი აღარაა, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის პირდაპირი საუბარი დაიწყო, დაძაბულობა ჯერ კიდევ არ განმუხტულა. ალიევისთვის ლაჩინის დერეფანზე კონტროლი ყარაბაღის რეგიონის სრულად დაბრუნების წინაპირობაა. ზანგეზურის გეგმის შესრულებით კი, აზერბაიჯანი არამხოლოდ გაამარტივებს საკუთარ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო კავშირს, არამედ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება თურქეთს, პარალელურად კი თეირანი ბაქოს წინააღმდეგ არსებულ საგზაო ბერკეტს დაკარგავს. სწორედ ამიტომაა, რომ ალიევი კონფლიქტის წამგებიანი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულებას არ ჩქარობს, მანამ, სანამ ალტერნატივად ძალის გამოყენება რჩება. ამ ფონის გათვალისწინებით, ახლო მომავალში ყარაბაღის გარშემო მოსალოდნელია ესკალაცია, რასაც სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანიც ელის.

კომენტარები