რეკლამა

(რ) ცნობილი ადამიანები გორიდან და მათი წვლილი ქვეყნის განვითარებაში

ალბათ, ყველასთვის ნაცნობია ჩვენ-ჩვენი კუთხეებით სიამაყის შეგრძნება. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ქვეყნისთვის გამორჩეული ადამიანები სწორედ ჩვენი ქალაქიდან არიან წარმოშობით. დღევანდელი ბლოგში ვისაუბრებთ გამორჩეულ ადამიანებზე გორიდან და შიდა ქართლის მკვიდრებს კიდევ ერთხელ ავავსებთ სიამაყის განცდით. 

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი იყო. მერაბი 1930 წელს ქალაქ გორში დაიბადა და აქ გაატარა ბავშვობის წლები ოჯახთან ერთად. მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისას მამა, კონსტანტინე მამარდაშვილი, ფრონტზე გაიწვიეს და ოჯახს თბილისში მოუწია გადასახლება. 

1955 წელს მერაბმა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. რუსეთში მიღებული განათლებით და გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და 1987 წელს მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ფილოსოფიის განყოფილების გამგე გახდა. ამავე წლებში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც იყო. მერაბი საქართველოს საზღვრებს მიღმაც კითხულობდა ლექციებს, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 

მამარდაშვილი სტუდენტების საყვარელი ფილოსოფოსი გახდა და მისი ფილოსოფიის კურსი საჯარო ლექციებად გადაიქცა. ქართველ ფილოსოფოსს აუდიტორიაში შესვლისას ტაშით ეგებებოდნენ, მისი ლექციების ჩანაწერებს კი გულდასმით განიხილავდნენ. მამარდაშვილის, როგორც ფილოსოფოსის წვლილი განსაკუთრებით დიდია მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევაში, რისთვისაც მას ლექციების ციკლიც აქვს მიძღვნილი. 

მერაბ მამარდაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა 1990 წლის 25 ნოემბერს. იგი ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. 

ნიკო ლომოური

ქართველი მწერალი საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი, ნიკო ლომოური, 1852 წელს დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა. სწავლის სრულიად დასრულების შემდეგ, 1881 წელს გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა გიმნაზიაში მუშაობდა პედაგოგად. 

ნიკო ლომოურის შემოქმედებითი ცხოვრება 1871 წელს დაიწყო, როცა პირველად დაიბეჭდა მისი ლექსები ჟურნალ მნათობში, ხოლო 1885 წელს ავტორის ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკადაც გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო მოთხრობა ,,ალი”, რომელიც 1897 წელს ჟურნალ ივერიაში გამოვქეყნდა. 

1860-იანი წლების თერგდალეულთა მოძრაობამ, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძემ, დიდი გავლენა იქონია ნიკო ლომოურის შემოქმედებაზე. შედეგად, მისი მოთხრობები ბატონყმობის გადავარდნას, სავაჭრო ბურჟუაზიის აღმავლობისა და სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების პერიოდს უკავშირდება. მწერალი ხალხის ცხოვრების გარდაქმნაზე მსჯელობდა და მიიჩნევდა, რომ ამ პროცესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სწავლა-განათლება იყო, ვინაიდან გაუნათლებლობა, ცრუმორწმუნეობა და სიბრიყვე ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სხვადასხვა მიზნის მქონე ექსპლუატატორებისთვის. 

ნიკო ლომოური, ფსევდონიმით ,,გორელი”, ქალაქ გორში 1915 წელს გარდაიცვალა, ხოლო 1935 წელს მისი ნეშტი ქალაქის ბაღის ეზოში გადაიტანეს. 

ილიკო სუხიშვილი

ყველასთვის ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ილიკო სუხიშვილი ქალაქ გორში 1907 წელს დაიბადა. შემდგომში საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებელი, ილიკო მოსწავლეობის პერიოდიდანვე მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. ხალხური ცეკვების სტუდიის დასრულების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე გახდა, ხოლო შემდეგ - სოლისტი და დამდგმელ-ქორეოგრაფი. 

ილიკო სუხიშვილი კარიერის ადრეული წლებიდანვე მოღვაწეობდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და უკვე 1936 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში განაგრძო საქმიანობა როგორც სოლისტმა და ბალეტმაისტერმა. ილიკო სუხიშვილს დადგმული აქვს ცეკვები ,,აბესალომ და ეთერსა” და ,,დაისში”; ,,ქეთო და კოტეში”; საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (მოსკოვი); დადგმული აქვს კ. კავოსის ბალეტი ,,კავკასიელი ტყვეც”. 

ილიკო სუხიშვილის შემოქმედებითი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 1945 წელს, როდესაც ნინო რამიშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელიც დღემდე აცნობს მსოფლიოს ქართვველი ერის მდიდარ ისტორიას და და მრავალფეროვან კულტურას. 

საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინებას ილიკო სუხიშვილმა ორმოცდაათი წელი მიუძღვნა. იგი 1985 წელს გარდაიცვალა და ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლის გამო დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. 

ვასილ ბარნოვი (ბარნაველი)

ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ვასილ ბარნოვი 1856 წელს სოფელ კოდაში დაიბადა. მას ქართულ მწერლობაში განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ვინაიდან ქართული ისტორიული რომანის, როგორც ჟანრის, ერთ-ერთი ფუძემდებელია. 

ვასილ ბარნოვი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში დაიბადა. განათლება თბილისისა და მოსკოვის სემინარიებში მიიღო. 1882 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო ქართული ენის სწავლება სენაკში, თელავსა და თბილისში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელშიც. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი იყო. 1880-იანი წლების ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების წევრადაც აირჩიეს და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა ამ საქმეში.

ბარნოვი ქართული საისტორიო რომანის ფუძემდებლად მიიჩნევა. მის ნაწარმოებებს შორის გამოარჩევენ რომანებს: ,,მიმქრალი შარავანდედი” (1913), ტრფობა წამებული (1918) და ისნის ცისკარი(1928). ბარნოვის ნაწარმოებები არის სინთეზი ფსიქოლოგიური თემებისა და ისტორიული გარემოცვის. ბარნოვი ისტორიულ ფონს იყენებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებისთვის ნათელის მოსაფენად. 

ვასილ ბარნოვი 1934 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 

მარო თარხნიშვილი

“ქართული სიმღერის დედად” წოდებული მარიამ (მარო) თარხნიშვილი 1891 წელს, კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში დაიბადა. 13 წლის მარომ 1910 წელს თავის დასთან, ეკატერინესთან ერთად გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების მცირე გუნდი. პატარა მაროს აქტიურობა სულაც არ იყო გასაკვირი, ვინაიდან თარხნიშვილების ოჯახში სიღერას განსაკუთრებულად აფასებდნენ. მარო თარხნიშვილის გუნდი რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ მოსკოვშიც მიიწვიეს.

რუსეთში, უკრაინასა და სხვა რესპუბლიკებში გამართული გასტროლების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდა ქალის პოპულარობა საქართველოში და 1921 წელს ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა მარო კონსერვატორიაში მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მარო თარხნიშვილმა 400 უფასო კონცერტი გამათა ქვეყნის მასშტაბით.

ქართველი ლოტბარი 1969 წელს გარდაიცვალა, მისი ნეშტი დიდუბის სახელმწიფო მოღვაწეღა პანთეონშია დაკრძალული. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ქალაქ გორს არაერთი დასამახსოვრებელი ადამიანი უჩუქებია საქართველოსთვის. სტატიაში იმ გორელების მცირე ნაწილი განვიხილეთ, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. 

კომენტარები