ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ზელენსკი: ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

დღეს საერთაშორისო მართლმსაჯულების ფუნდამენტური გადაწყვეტილება გვაქვს. საქმე, რომელსაც რეალური პერსპექტივა აქვს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც დაიწყება ისტორიული პასუხისმგებლობა.

ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები სამხედრო დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია – ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ოკუპანტის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16000-ზე მეტი შემთხვევა უკვე აღრიცხულია ჩვენი სამართალდამცავების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის პროცესში, მაგრამ დეპორტირებულთა რეალური, სრული რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს.

ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე ასეთი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

ბავშვების ოჯახებიდან გამოყოფა, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამალვა, შორეულ რეგიონებში გადაყვანა - ეს ყველაფერი რუსეთის აშკარა სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები და სახელმწიფო ბოროტება, რაც სწორედ ამ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირით იწყება.

მადლობელი ვარ პროკურორ კარიმ ხანის გუნდისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი. ყველასი, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლაში გვეხმარება. ამ დროისთვის შესაძლებელი გახდა 300-ზე მეტი ბავშვის დაბრუნება.რასაკვირველია, ყველა უნდა დავიბრუნოთ. აშკარაა, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ - ყველა უკრაინელის, ყველა უკრაინელი ქალის, ყველა ჩვენი ბავშვის დასაბრუნებლად. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

კომენტარები