ჩინეთი

ვლადიმირ პუტინის მოწვევით, სი ძინფინგი რუსეთს მომდევნო კვირაში ეწვევა

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი რუსეთს მომდევნო კვირაში ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწვევით, პრეზიდენტი სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა რუსეთს 20 მარტიდან 22-მდე". – წერია განცხადებაში. 

ეს სის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. 

ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ასევე დაადასტურა კრემლმაც და აღნიშნა, რომ ორი ლიდერი "სტრატეგიულ თანამშრომლობას" განიხილავენ.

"შეხვედრების დროს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის დამატებით განვითარების შესახებ თემატური საკითხები იქნება განხილული. ასევე, დაგეგმილია შეხედულებების გაცვლა საერთაშორისო არენაზე რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში". – წერია კრემლის განცხადებაში.

რუსეთის მხრიდან ასევე ითქვა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს. 

კომენტარები