კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

ვენეციის კომისიის დასკვნა - სასამართლო რეფორმის გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები

კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

ვენეციის კომისიის დასკვნა - სასამართლო რეფორმის გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები

14 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა.

2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გამოაქვეყნა. რეკომენდაციის მიხედვით გათვალისწინებული იყო 12 ქუნქტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა გამოეყენებინა. ევროკომიის პრიორიტეტებს შორის იყო: 

„გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, რომელიც დაფუძნებულია ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოს ყველა სასამართლოსა და პროკურატურის, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის მოსამართლეთა და გენერალურ პროკურორთა დანიშვნა ყველა დონეზე; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”. 

2022 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ წამოაყენა რამდენიმე საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც ფუნდამენტური იყო საქართველოში სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმურობის გასამყარებლად.

სასამართლო სისტემის საბჭომ, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საბოლოოდ უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობისა და ხარისხის დასაცავად, რათა გააძლიეროს საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.” - წერია ევროკომისიის 2022 წლის რეკომენდაციაში.

ვენეციის კომისიამ გასცა შემდეგი რეკომენდაციები: 

მოსამართლეთა გადანაწილება -  უნდა განიმარტოს, რომ მეორე ტურში დანიშნული მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტული ვაკანსიის ყველა მოთხოვნას, მაგალითად: სპეციალიზაციის მოთხოვნებს. 

მოსამართლეთა მივლინება ან გადაყვანა - მოსამართლეთა მივლინება მათი ნების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და გამართლებული ლეგიტიმური მიზნით. გათვალისწინებული უნდა იყოს მკაფიო და ვიწრო კრიტერიუმები, აგრეთვე მივლინების უფრო მოკლე ვადები.  

ამასთან, ვენეციის კომისიის 2022 წლის დასკვნაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შიგნით სასამართლო კორპორატიზმის ხშირი ფაქტების შესახებ გამოთქვა შეშფოთება, ვინაიდან, ევროკომისიის აზრით, ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. 

ვენეციის კომისიის დასკვნაში ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ასაკისა და გამოცდილების მოთხოვნების ამაღლებას გაუწია რეკომენდაცია. კომისიამ დაადგინა, რომ მოთხოვნები ძალიან მარტივი იყო, “რადგან შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, შეძლებს თუ არა პირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას 30 წლის ასაკში და არაუმეტეს 5 წლის მუშაობის გამოცდილებით -  მოსამართლედ ან ადვოკატად. ეს შედარებით დაბალი ფორმალური ბარიერი კიდევ უფრო საეჭვოა, რადგან ისინი ეხება მთავარი მოსამართლის თანამდებობასაც“.- ეწერა დასკვნაში.

ახალი დასკვნა - იგივე მოთხოვნები

14 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2022 წლის 22 ნოემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა ცვლილებების მიმდინარე ნაკრები, როგორც საქართველოს სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმის ნაწილი.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილებების პროექტი შეზღუდულია და არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მთლიან რეფორმას. ამასთან, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც 2019-2022 წლების შუალედში ევროკომისიის მიერ გაიცა, კვლავ რჩება.

"ევროკომისიის დასკვნაში მითითებულია მოთხოვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის გატარების შესახებ. თუმცა, კანონპროექტი არ შეიცავს იუსტიციის საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და წუხილებს პასუხებს საქართველოში იუსტიციის საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე ევროკომისიის ხსენებული რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის" - წერია ევროკომისიის დასკვნაში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია კანონის მიღების პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"კომისია იმეორებს, რომ პარლამენტის მიერ აქტების მიღება, რომლებიც არეგულირებს სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს ოპოზიციასთან, ექსპერტებთან ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნამდვილი კონსულტაციების გარეშე, არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტებს." - აღნიშნულია დასკვნაში.

ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ  ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო, სადაც გასაჩივრებული იყო კანონის შესაბამისი დებულებები. 

ამავე ინფორმაციით, ასეთ ვითარებაში დეპუტატებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, თავი შეეკავებინათ საკანონმდებლო ინიციატივებისაგან, რათა არ განხორციელებულიყო ზედმეტი ზეწოლა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე და დალოდებოდნენ პასუხს კანონის ცალკეული დებულებების კონსტიტუციურობის შესახებ.

"კომისია აღიარებს, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო დავებს თეორიულად შეუძლია ხელი შეუშალოს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი შეფერხება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე აბსოლუტურად საჭიროა". - წერია დასკვნაში.

ამასთან, კომისია მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი დებულებების პროექტი პოზიტიურია, თუმცა კომისია რეკომენდაციას უწევს პროცესის შემცირებას და გამარტივებას, რათა იგი უზრუნველყოფილი იყოს ხელმისაწვდომობით როგორც წარსულ, ასევე მომავალ გადაწყვეტილებებზე. 

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემდეგი ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ ადრე უკვე  გააკეთა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების განხილვა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.

კომენტარები