კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

ოხანაშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისია შეცდომაში "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეიყვანა

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ახალ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ცვლილებებში აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. ოხანაშვილის თქმით, კომისია შეცდომაში კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ შეიყვანა.

"კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეცდომაში შეიყვანოს ვენეციის კომისია მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ არამოსამართლე წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ვენეციის კომისია უთითებს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, თითქოს, მის დოკუმენტაციაში იყო გარკვეული ხარვეზები... ამას უთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია და მათზე დაყრდნობით ამას ციტირებს ვენეციის კომისია.

ეს არის რეალურად არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან ჩვენ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გვქონდა შესაძლებლობა შეგვესწავლა დოკუმენტაცია, დამატებით გამოგვეთხოვა კონკრეტული დოკუმენტები და სწორედ ამის შესაბამისად მიგვეღო გადაწყვეტილება. კონკრეტულ ამ წევრთან დაკავშირებითაც ყველა დოკუმენტაცია, ყველა პროცედურა სრულად იყო შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და ეს არის ნათელი მაგალითი, ისე რომ საქართველოს პარლამენტთან აღარ იქნა გადამოწმებული ეს ინფორმაცია, პირდაპირ დაეყრდნენ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა შეფასებამაც შეცდომაში შეიყვანა ვენეციის კომისია და ეს არის მკაფიო მაგალითი ამ შემთხვევის". - თქვა ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქამდე გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. 

"კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჯერ არ არის გათვალისწინებული. კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, მიყვეს რეფორმის სტრატეგიას დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე". - აღნიშნავს ვენეციის კომისია თავის მოსაზრებაში. 

ამასთან, მოსაზრების დასკვნით ნაწილში ჩამოთვლილია კომისიის მიერ მიმდინარე წლის მარტში შემუშავებული რეკომენდაციები.

წინა რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა – ვენეციის კომისია სასამართლო რეფორმაზე

კომენტარები