კოსოვო-სერბეთი

ევროკავშირმა კოსოვოს და სერბეთს ახალი შეთანხმება შესთავაზა – მხარეები ისევ ვერ თანხმდებიან

Theowp.org

ევროკავშირმა კოსოვოსა და სერბეთს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ახალი შეთანხმება შესთავაზა, თუმცა, EU-ს აქტიური მედიაციის მიუხედავად, ჯერჯერობით ქვეყნებს შორის საბოლოო შეთანხმების ნიშნები არ გამოკვეთილა.

სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, ხოლო 2022 წელს კოსოვო განაცხადის შეტანის შემდეგ პოტენციურ კანდიდატად მოიაზრება. უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მხარეები ეთანხმებიან სიტუაციის ნორმალიზების აუცილებლობას, თუმცა ქვეყნების ლიდერები შეთანხმების პუნქტებზე კვლავ ვერ თანხმდებიან.

როგორ შეთანხმებას სთავაზობს ევროკავშირი ქვეყნებს?

ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ხაზს უსვამს საზღვრების ხელშეუვალობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობას სერბული და ალბანური უმცირესობების დაცვისთვის. ამასთან საუბრობს კოსოვოს აღიარების შესახებ მხარეთა განსხვავებული შეხედულებების შელახვის თავიდან აცილებაზე, თუმცა გამოყოფს ორივე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის აუცილებელ პირობებს:

  • კოსოვომ და სერბეთმა კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის უნდა აღიარონ ერთმანეთის ეროვნული სიმბოლოები, სახელმწიფო დოკუმენტები – პასპორტები, სანომრე ნიშნები, საბაჟო შტამპები.
  • ორივე მხარემ უნდა იხელმძღვანელებს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნებითა და პრინციპებით – განსაკუთრებით სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის, მათი დამოუკიდებლობის, ავტონომიისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, თვითგამორკვევის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
  • მხარეები მათ შორის არსებულ ნებისმიერ დავას გადაწყვეტენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით და თავს შეიკავებენ ძალის გამოყენებისგან ან მისი მუქარისგან.
  • ქვეყნები იმოქმედებენ იმ ფორმით, რომ არცერთ მათგანს არ შეუძლია წარმოადგინოს მეორე საერთაშორისო სფეროში ან იმოქმედოს მისი სახელით, შესაბამისად, სერბეთი არ გააპროტესტებს კოსოვოს გაწევრიანებას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.
  • ორივე მხარე აიღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს კოსოვოში სერბული თემის თვითმმართველობის შესაბამისი დონე. მათ შორის მიიღებს სერბეთის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას და სერბეთის თემისთვის კოსოვოს მთავრობასთან პირდაპირი საკომუნიკაციო არხი შექმნას.
  • მხარეები ხელს შეუწყობენ სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის ჩამოყალიბებას კოსოვოში და უზრუნველყოფენ სერბეთის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას.

ორმხრივი წინააღმდეგობა

საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში კოსოვოს გაწევრიანების შესახებ მუხლი განხილულია, როგორც ქვეყნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების გზის დასაწყისი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ხაზგასმით თქვა, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც "ფორმალურად ან არაფორმალურად" აღიარებს კოსოვოს და არასდროს დათანხმდება გაეროში მის გაწევრიანებას.

გაეროში ქვეყნის გაწევრიანების განაცხადის დაბლოკვა მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრ, ვეტოს ძალის მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ. სერბეთს არ აქვს პირდაპირი ბერკეტი, რომ კოსოვოს გაეროში გაწევრიანება დაბლოკოს, თუმცა მათ ტრადიციულ მოკავშირე რუსეთს კოსოვოს გაწევრიანების შეფერხება ნამდვილად შეუძლია.

მეორე მხრივ, შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი კოსოვოში სერბული რეგიონების ავტონომიის გაზრდაა. კოსოვოს ლიდერები ამტკიცებენ, რომ ამგვარი თვითმმართველობის ფორმირება სერბეთს კოსოვოზე დამატებით დიდ გავლენას მისცემს, ხოლო სერბები ამბობენ, რომ ეს მოსახლეობის უფლებების დასაცავად საჭირო პირობაა.

კოსოვოს პრემიერმინისტრის, ალბინ კურტის თქმით, ის არ დასთანხმდება ისეთი სახელმწიფო ორგანოს შექმნას, რომელიც დაარღვევს კოსოვოს კონსტიტუციას და სერბებს კოსოვოს საქმეებში ჩარევისთვის "ხიდს" აუშენებს.

მიუხედავად არაერთი წითელი ხაზისა, ვუჩიჩი და კურტი ჯერ კიდევ ტოვებენ შეთანხმებაში მანევრირების სივრცეს. ევროკავშირის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ შეთანხმება მხოლოდ მაშინ შედგება, როცა ზუსტად იქნება ცნობილი, თუ ვინ რა პასუხისმგებლობას აიღებს და მას როდის შეასრულებს. მისივე თქმით, მხარეებმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს თუმცა შეთანხმების დასრულების ბოლო ეტაპი "ყოველთვის ყველაზე რთულია".


2 წელზე მეტია, რაც მანქანის სანომრე ნიშნების კანონის გამო, კოსოვოში მთავრობასა და ეთნიკურ სერბებს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს სერბულ უმცირესობას მხარს სერბეთი უჭერს. კოსოვოში დაახლოებით 50 000-მდე სერბი ცხოვრობს, რომლებიც პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებენ და თავს კვლავ სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ. 2022 წელს კოსოვოს მთავრობამ სცადა, რომ სერბი მძღოლებისთვის 1999 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როცა კოსოვო სერბეთის ნაწილი იყო, გაცემული სანომრე ნიშნები გამოეცვალათ. ამას სერბების წინააღმდეგობა მოჰყვა.

კოსოვოში NATO-ს 3 700 მშვიდობისმყოფელი იმყოფება. ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები