ბაჩანა შენგელიას საქმე

ბაჩანა შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

ბაჩანა შენგელია

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია წერს, რომ 2020 წელს სანოტარო საქმიანობის უკანონოდ შეჩერებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ დავა საბოლოოდ მოიგო. შენგელია აპირებს, იუსტიციისთვის დაკისრებული 12 800 ლარი მე–6 საჯარო და ახალკათის სკოლებში გადარიცხოს – სადაც გარდაცვლილი ია კერზაია სწავლობდა და დირექტორი იყო. 

"გუშინ დამირეკეს უზენაესი სასამართლოდან, საბოლოოდ მოვიგე დავა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, 2020 წელს სანოტარო საქმიანობა უკანონოდ რომ შემიჩერეს, აი იმ საქმეზე. 12 800 ლარის გადახდა დაეკისრათ. ეს ამბავი იას წინააღმდეგ დაწყებული დევნის გაგრძელება იყო უკვე ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ თანხას მე-6 საჯარო სკოლაში გადავრიცხავ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სკოლას არჩეული დირექტორი ეყოლება (გამოცდა უკვე ჩატარდა და იმედია ეს საკითხი მალე გადაწყდება. თუ რატომ ასე, ამაზე სხვა დროს). ნაწილს ახალკახათის საჯარო სკოლაში ჩავრიცხავ, რომელიც იამ დაამთავრა. დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ასე გაუხარდება, სკოლაში რამდენიმე ასეული ლარით თუ დაუფინანსებდნენ რამე ინფრასტრუქტურულ პროექტს, პირველს მე მირეკავდა და მაცნობებდა. ბოლოს ასეთი იყო, როდესაც სკოლის ჭიშკარი და ღობე შეუღებეს, ფოტოები გამომიგზავნა და მახარა, ბოლოს რომ ჭიშკარი დაგვიწუნე, ახლა ასე გამოიყურებაო.

წარმოუდგენლად მაგრად მენატრება, უფრო ძალიან, ძალიან და სულ მინდა გავუზიარო ამბები, ვესაუბრო ყველაფერზე და არაფერზე, ყოველ დღე ჩვეულ დროს. მეხუთე წელია მის გარეშე ვხვდებით ამ დღეს, მაგრამ დრო არაფერს კურნავს, უფრო მეტად მიყვარს და მეტად მენატრება. ჩავდივარ დღეს ზუგდიდში და მოვეფერები, ჩემი მზე და მოტივაცია. მიყვარს, მენატრება, მტკივა". – წერს ბაჩანა შენგელია. 

ბაჩანა შენგელიას 2020 წლის 20 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდა. 1-ელ ივლისს სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის აღდგენა დაავალა. წულუკიანის უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღის შემდეგ შეასრულა. ' 

2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის 12 800 ლარის გადახდა დააკისრა

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას შვილია, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იყო. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე ლაპარაკობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

კომენტარები