სახალხო დამცველი

ნიკა გვარამია ლევან იოსელიანს: ვარ თუ არა პოლიტპატიმარი?

როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ:

როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან "პოლიტ" თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო :))

თამარ კორძაია, მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირად :) უნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული. ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში, სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება :)

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატს, ლევან იოსელიანს მიმართავს. მის კანდიდატურას 2 მარტს, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატმა თამარ კორძაიამ დაწერა, რომ ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მისი შეფასებით, “ლევანი არის კვალიფიციური, გაწონასწორებული, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი”.

კომენტარები