სამართალდამცველებმა ერთი პირი, 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
პოლიციამ ნ.ს. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - აცხადებს შსს.
განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





