აშშ-ჩინეთი

ბლინკენი: ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდებას გეგმავს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, იზრდება საფრთხე, რომ ჩინეთი გეგმავს, რუსეთს უკრაინაში მიმდინარე ომში დაეხმაროს.

"ბოლო თვეებში უკვე ვნახეთ ჩინეთის არალეტალური დახმარება, რომელიც პირდაპირ უწყობდა ხელს რუსეთის ომის მანქანის გაძლიერებას. და კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმ ინფორმაციას, რასაც ახლა ვისმენთ და დამატებით დეტალებს, რაც, ჩემი აზრით, მალე ცნობილი იქნება, ცხადი ხდება, რომ ისინი განიხილავენ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას". - თქვა ბლინკენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ბლინკენმა აღნიშნა, "იარაღს, იარაღს, პირველ რიგში".

"მთელი სპექტრია, რაც ამ კატეგორიაში ჯდება - საბრძოლო მასალიდან დაწყებული იარაღით დამთავრებული". - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, მოსალოდნელია, რომ ჩინური კომპანიები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ ჯგუფებს, მათ შორის ვაგნერ ჯგუფს, აღჭურვილობას მიაწვდიან.

"დღემდე ვხედავდით ჩინური კომპანიები და, რა თქმა უნდა, ჩინეთში, ნამდვილად არ არის განსხვავება კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის, როგორ უწევდნენ რუსეთს არალეტალურ დახმარებას. შეშფოთება, რომელიც ახლა გვაქვს, ეფუძნება ჩვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი განიხილავენ ლეტალური დახმარების გაწევასაც". - ამბობს ბლინკენი. 

ბლინკენმა აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან დაახასიათა, როგორც "კონკურენტული" და, ამასთანავე, "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, ამავდროულად, რთული", და აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს დიდი ინტერესი, იმართოს ურთიერთობები პასუხისმგებლობით, რათა კონკურენცია კონფლიქტში ან ცივ ომში არ გადაიზარდოს. 

ამასთანავე, ბლინკენის თქმით, ჩინეთმა ამერიკის თავზე მფრინავი ჩაშუშური ბუშტების გამო "ბოდიშიც კი არ მოიხადა". 

"ვერ გეტყვით შეხვედრის დეტალებს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ბოდიში არ მიგვიღია". - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. 


4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

კომენტარები