რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბენ უოლასი: უკრაინას Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავების მიღება მხოლოდ ომის შემდეგ შეეძლება

ბენ უოლასი
BBC

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, რომ უკრაინას Typhoon-ის ტიპის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიღება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეეძლება. 

"ყოველ შემთხვევაში, ომის ამ ეტაპზე არა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექვს თვეშიც არ იქნება. საკმაოდ დიდი დრო გავა, სანამ ვინმე უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის. მოდით, გულწრფელები ვიყოთ ამაზე. თანამედროვე თვითმფრინავები, როგორიცაა Eurofighter, რომელსაც დიდ ბრიტანეთში Typhoon-ს ვუწოდებთ, მხოლოდ ომის შემდეგ მიეწოდება უკრაინას". - თქვა უოლასმა.

ამასთანავე, მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დასავლელ პარტნიორებს შორის თანხმობა არსებობს. 

"მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ უკრაინას იმდენი ხანი, რამდენიც სჭირდება, პრინციპში მზად ვართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად რაღაც მომენტში". - თქვა უოლასმა.

ამასთან, უოლასმა აღნიშნა, რომ პილოტების მომზადებას დიდი დრო სჭირდება.

"არცერთმა ჩვენგანმა არ იცის როგორ გაგრძელდება ეს ომი, გაგრძელდება თუ არა ის კიდევ ერთი ან ორი წელი. საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების დაწყებით, ჩვენ ვემზადებით მოულოდნელობისთვის და მეორეს მხრივ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. თუ რაიმე მომენტში გადავწყვეტთ, ნამდვილად გამოვგზავნოთ მოიერიშე თვითმფრინავები, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. საბრძოლო ტანკებისგან განსხვავებით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საბრძოლო თვითმფრინავების გამოგზავნას შეფერხება არ იქნება". - განმარტა უოლასმა.

კომენტარები