მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

საქართველოს მთავრობამ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მლნ ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო. თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა.

განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი თანხა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთში ტრანსპორტირებას მოხმარდება.


თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს. ამის პარალელურად ათასობით ადამიანი შიმშილს, სიცივესა და უსახლკარობას ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, მეორე ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდება, თუ გადარჩენილებს არ ექნებათ წვდომა თავშესაფარზე, საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე "ძალიან სწრაფად".

თურქი ოფიციალური პირების ცნობით, მიწისძვრა სერიოზულ სირთულეებს უქმნის 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებს. მოსალოდნელია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ეს არჩევნები გამოწვევებით სავსე იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, დახმარების დაგვიანებით მიწოდებისა და სამაშველო სამუშაოების გაჭიანურების გამო მთავრობისადმი მზარდ უკმაყოფილებას. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები