ქართული ოცნება

ადმინისტრაცია: კობახიძემ უნდა იცოდეს, პრეზიდენტის უფლების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია

"ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მასაც და ხალხსაც უმძიმესი რეაქცია ექნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებაში ქართული ოცნების თავმჯდომარის რეგალიად ის სიტყვები გამოიყენა, რომლითაც კობახიძემ 2020 წელს საარჩევნო სიის გამოცხადებისას საკუთარი თავი წარადგინა:

"მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების "სიის მესამე ნომერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის სამართლის მაგისტრმა, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ყოფილმა) ვიცე-პრეზიდენტმა, აქ შევჩერდებით, ბევრს არ გავაგრძელებთ", ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ  დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია!" – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კობახიძემ 7 თებერვალს თქვა, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მასაც და საზოგადოებასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ.

"მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება უმძიმესი რეაქცია ასეთ აქტზე, მეც მექნებოდა და მექნება ბუნებრივია ძალიან მძიმე რეაქცია ასეთ რამეზე. ასეთი რამ რომ მოხდეს თეორიულად, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი". – თქვა კობახიძემ.


6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არც გადაუვადდება.

პრეზიდენტის შეფასებით, სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის არგადავადებით ქართველ ხალხს "ჩაკეტილ წრეზე" ტრიალი მიესაჯა, ხოლო მის მიერ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც კი ის ვერ გათავისუფლდება, რადგან მის წინააღმდეგ კიდევ 3 დავა მიმდინარეობს.

კომენტარები